მამუკა ბახტაძე - მოლაპარაკებები გაგრძელდება და არის მოლოდინი, ვალების განულებაზე ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდებიან
მამუკა ბახტაძე - მოლაპარაკებები გაგრძელდება და არის მოლოდინი, ვალების განულებაზე ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდებიან

მოლაპარაკებები გაგრძელდება და არის მოლოდინი, ვალების განულებაზე ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus-თან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც დავალიანების განულების პროექტში ჯერჯერობით არ მონაწილეობს.

„ეს არის კონკრეტული მოლაპარაკებების შედეგი. ჩვენ დავაანონსეთ ის რაოდენობა და შეთანხმებები, რომელიც უკვე არსებობს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან გაგრძელდება და ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდებიან.

შესაბამისად, უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს ამ უნიკალური შესაძლებლობებით და გათავისუფლდეს ე.წ. შავი სიისგან“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს, არ შეეხება ონლაინსესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს, რადგან კომპანიამ შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მიკროსაფინანსო კომპანია Vivus.ge-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია მზად არის, ვალების განულების საკითხზე მათ მიერ დასახელებული პირობების ფარგლებში მოლაპარაკება აწარმოოს.