მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბეტისთან“ დამარცხდა - „ლევანტეში“ ქოჩორაშვილს არ უთამაშია #1TVSPORT
ლა ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში „ვალენსია“ „ბეტისს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. მატჩის განმავლობაში „ბეტისის“ უპირატესობა იგრძნობოდა და პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით (1:0) დასრულდა – 41-ე წუთზე ასანე დიაომ მცველს დაასწრო და ახლო მანძილიდან ქართველ მეკარეს გუნდის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ისკომ ძლიერი დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ ქართველმა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, საიდანაც „ბეტისმა“ მაინც ისარგებლა – მარკო როკას დარტყმული იმდენად ძლიერი და ზუსტი აღმოჩნდა, რომ მამარდაშვილმა ვეღარ მოიგერია. საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე აბდე ეზალზულიმ დააფიქსირა. რვა ტურის შემდეგ „ვალენსია“ სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზეა.
მამარდაშვილის შეფასებები: Flashscore.com – 6,4, რაც საყრდენ პეპელუს (6,7) შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასებაა თავის გუნდში. Sofascore.com-ის შეფასებაა 6,8, ხოლო Whoscored.com-ის – 6,3.
ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „ელჩეს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია.