მალხაზ კობაურის ადვოკატი ს​მიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვას ითხოვს
მალხაზ კობაურის ადვოკატი ს​მიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვას ითხოვს

მალხაზ კობაურის ადვოკატი ლექსო კობაიძე ს​მიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვას ითხოვს. ის არ ეთანხმება კობაურისთვის ბრალის დამძიმებას, რომელსაც ბრალი ლორა სმიტის გაუპატიურებაზე წარუდგინეს. ადვოკატი ლექსო კობაიძე აცხადებს, რომ ბრალის დასამძიმებლად პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

​თუ აქამდე მკვლელობის მოტივი იყო შელაპარაკება იარაღის გამო, ეს მოტივი გაქრა და ახლა საუბარია იმაზე, რომ თურმე კობაურმა ლორა სმიტი გაიტყუა და ქალი საათ-ნახევრის განმავლობაში ელოდებოდა თავისი ქმრისა და ბავშვის დაბრუნებას. ეს სრული აბსურდია. იმედი გვაქვს, ნაფიცი მსაჯულები არსებულ მტკიცებულებებზე მოახდენენ ორიენტირებას“, – განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება რამდენიმე დღის წინ დაუმძიმდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითდა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .