მაკა ვეფხვაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა და „ც“ ჯგუფი მეხუთე ადგილზე დაასრულა [ფოტო]
მაკა ვეფხვაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა და „ც“ ჯგუფი მეხუთე ადგილზე დაასრულა [ფოტო]

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე დღეს ორი ქართველი ასპარეზობს. უკვე დაასრულა თავისი გამოსვლა მაკა ვეფხვაძემ. 64 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ც“ ჯგუფში ვეფხვაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა.

მაკამ ორივე დისციპლინა ყველაზე დაბალი წონით დაიწყო. ატაცში მან პირველ მისვლაზე 65 კილოგრამი დაიმორჩილა, ამის შემდეგ კი მეორე და მესამე მისვლაზე ძელი ოთხ-ოთხი კილოგრამით დაამძიმა და ჯერ 69, შემდეგ კი 73 კილოგრამს გაუმკლავდა.

იმის გამო, რომ 19 წლის ქართველ ძალოსანს კონკურენტებთან შედარებით დაბალი წონები ჰქონდა შეკვეთილი, მეორე დისციპლინაში მას ფიცარნაგზე ასვლა ზედიზედ სამჯერ მოუწია და სამივეჯერ წარმატებით. მაკამ მიყოლებით 85; 89; და 92 კილოგრამები აკრა, ორჭიდში 166 კილოგრამი მოაგროვა და ამ შედეგით „ც“ ჯგუფი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

საბოლოოდ „ც“ ჯგუფი ჯამური 194 კილოგრამით ნორვეგიელმა მარიტ არდალსბაკმა მოიგო. ამ წონაში ჩემპიონ პრიზიორები 18:00 საათიდან გამოვლინდებიან, მანამდე კი 13:15-იდან „ბ“ ჯგუფი დაიწყება.

დღესვე ბათუმის სპორტის სასახლის ფიცარნაგზე, ვაჟთა შორის 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ძალოსნებიც გავლენ, სადაც „ბ“ ჯგუფში არჩილ მალაყმაძეცაა. ქართველი ძალოსნის ასპარეზობის ყურება გულშემატკივარს „პირველი არხი სპორტის“ „იუთუბ“ (YOUTUBE) არხზე შეეძლება. დღესვე საქართველოს მეორე არხი ამავე წონის „ა“ ჯგუფს პირდაპირ ეთერში 20:30-იდან შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უკვე სამი მედალი აქვს. 7 აპრილს 61 კილოგრამის აკვრაში ოქროს მედალს შოთა მიშველიძე დაეუფლა, 8 აპრილს კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) აკვრაში ვერცხლის, ორჭიდში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

დატოვე კომენტარი