ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, მაიკლ ოუენმა პრემიერლიგის მომავალ სეზონზე პროგნოზი გააკეთა. „ოქროს ბურთის“ ყოფილ მფლობელს მთავარ ფავორიტად „ლივერპული“ მიაჩნია.
„ამ ეტაპზე ფიქრობ, რომ უმჯობესია, გუნდებმა დაასრულონ სატრანსფერო კამპანია და შემდეგ გაკეთდეს პროგნოზები. წინ კიდევ იქნება მსხვილი გარიგებები, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი იყოს.
მიმაჩნია, რომ „ლივერპული“ მთავარი ფავორიტია. დიდი ჰანდიკაპით. ტიტულზე მისი შანსები 70 პროცენტს უდრის. შარშან ის კონკურენტებს 10 ქულით დაშორდა და სეზონის ბოლოსკენ დაამუხრუჭა. შეეძლო 20 ქულით მოეგო. 15 ქულაც ნამდვილი უფსკრულია.
„ლივერპულმა“ რამდენიმე დაუჯერებელი ფეხბურთელი დაიმატა. ის საუკეთესო გუნდი იყო და კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, პრემიერლიგას ის მოიგებს“, – განაცხადა „ლივერპულის“ ყოფილმა ფორვარდმა.
ოუენმა ასევე ილაპარაკა „ლივერპულის“ კონკურენტების შანსებზე.
„თუ ძალთა თანაფარდობას დავაკვირდებით, მე მომწონს „არსენალი“. სისულელეა, იფიქრო, რომ მწვრთნელი ზეწოლას განიცდის მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი, სამი წელია, მეორე ადგილზე გადიან. „არსენალი“ სტაბილურობის დემონსტრირებას ახდენს. ის ყოველთვის კარგია, და ყველანაირი საფუძველი არსებობს, ვიფიქროთ, რომ მათ არ გაუმართლათ. იქ იყო შემტევი ფეხბურთელების ბევრი ტრავმა, ახლა კი კლუბმა ნამდვილი ბომბარდირი შეიძინა. ეს არ არის წარმატების გარანტია, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ „არსენალი“ უკეთ გამოვა, ვიდრე გასულ სეზონში.
„არსენალი“ ისედაც კარგი იყო: მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე. ეს სერიოზული გუნდია. ხალხი ლაპარაკობს არტეტაზე, მაგრამ სეზონის სტარტი რთულიც რომ გამოვიდეს, სიგიჟე იქნება იმაზე ფიქრი, რომ ის არ არის ის ადამიანი, რომელიც მათ სჭირდებათ. „არსენალი“ კარზე აკაკუნებს და მალე ეს კარი გაიღება. ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს უკვე ამ სეზონში.
შემდეგ მოდიან „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“. ლონდონელები სულ უფრო ძლიერები ხდებიან. ირონია შემდეგში მდგომარეობს: მათ რომ „ნოტინგემთან“ წაეგოთ და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრილიყვნენ, ყველა იტყოდა, რომ ეს ყველაზე უარესი სეზონია მსოფლიოში, მწვრთნელი წნეხის ქვეშ იყო. მაგრამ ისინი მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, მოიგეს კონფერენს ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ახლა ყველა შეყვარებულია „ჩელსიზე“ და ის მაგარ გუნდად მიაჩნიათ.
ეს მართლაც კარგი გუნდია, პროგრესირებადი, მაგრამ მართლაც საინტერესოა, არა? რომ წაეგოთ „ნოტინგემთან“, იქნებოდა თუ არა დღეს ენცო მარესკა თავის პოსტზე?
ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ „ჩელსი“ ტოპოთხეულში მოხვდება. ჩემი ოთხეულია: „ლივერპული“, „არსენალი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“, – განაცხადა მაიკლ ოუენმა.