მაია ცქიტიშვილი - კრიზისი მთავრობას კი არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ომეგა ჯგუფს“ აქვთ
მაია ცქიტიშვილი - კრიზისი მთავრობას კი არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ომეგა ჯგუფს“ აქვთ

ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნით, გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის, შესაბამისად ეს ყველაფერი არის კრიზისში მყოფი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ომეგა ჯგუფის“ მიერ დადგმული სპექტაკლი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, კრიზის მიზეზი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ახერხებს ხმების მოგროვებას, „ომეგა ჯგუფი“ კი,  დავალიანების გადახდას.

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი, თუმცა კიდევ ერთხელ გავაკეთებ და უფრო მკვეთრსაც. რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ომეგა ჯგუფის“, არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ დადგმული სპექტაკლი, ინსცენირება. ამ შემთხვევაში რაღაც პროცესებს რეალობაში ჰქონდა თუ არა ადგილი, არავინ არ იცის. ყველა ეს ადამიანი არის ყოფილი თანამდებობის პირი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავითარი საუბრები არ გააჩნდათ იმ პერიოდის, როცა ისინი იკავებდნენ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობას. გუშინ ვნახე ბრიტანელი საექსპერტო ბიუროს დასკვნა, რომ ეს ჩანაწერები არ არის ავთენტური. ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა არის სხვადასხვა ჩანაწერის მონტაჟი. ადამიანები ლაპარაკობენ რაღაც ვერსიებზე. კრიზისი ამ შემთხვევაში მთავრობას კი არა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რადგან საარჩევნო პროცესშია, მათი  კანდიდატი კი, ვერ აგროვებს საკმარის ხმებს და შესაბამისად, ცდილობენ შექმნან აპოკალიფსის განცდა. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, კრიზისი აქვს „ომეგა ჯგუფსაც“, რადგან ვერ ახერხებს უკვე მეთორმეტედ გადავადებული საგადასახადო დავალიანების გასტუმრებას. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ინსცენირება აღნიშნული სტრუქტურების მხრიდან, რათა თავიანთ სასურველ შედეგს მიაღწიონ”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.