მაია ცქიტიშვილი - გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლებიც სათავე ნაგებობების დონეზე მაღლა მდებარეობს
მაია ცქიტიშვილი - გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლებიც სათავე ნაგებობების დონეზე მაღლა მდებარეობს

გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლებიც სათავე ნაგებობების დონეზე მაღლა მდებარეობს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თემის კომენტირებისას გუდაურში განაცხადა, სადაც ვითარების გასაცნობად იმყოფება.

მინისტრის თქმით, გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა ჰქონდა მხოლოდ „რედკოს დასახლებას“.

„დანარჩენი გუდაური მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მარაგდებოდა წყლით. შესაბამისად, დამსვენებლები სარგებლობდნენ ყველა იმ ინფრასტრუქტურით და ისვენებდნენ გუდაურში. რაც შეეხება ბაკურიანს, ბაკურიანშიც გვაქვს პრობლემა ასევე მხოლოდ ორ ქუჩაზე, აღმაშენებლისა და წაქაძის ქუჩებზე, სადაც ასევე სასტუმრო „მგზავრები“, „პანორამა“ და კიდევ 20 საოჯახო სასტუმროა. ​ბაკურიანშიც მიმდინარეობს ახლა სამუშაოები“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო ამინდია.

„გამორჩეულად მშრალი შემოდგომა გვქონდა, ხედავთ, რომ არ გვაქვს თოვლი და ნალექი. ეს ყველაფერი აისახება წყლის მოცულობაზე. პიკურ სეზონზე, როგორიც არის ახალი წელი, გუდაურში, ასევე ბაკურიანში, წყლის მოხმარება რამდენჯერმე იზრდება, ამიტომ დაკლებული წყლის მარაგი ვერ აკმაყოფილებს ამ მოცულობას.

შესაბამისად, გუდაურშიც და ბაკურიანშიც პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლებიც მდებარეობდა სათავე ნაგებობების დონეზე მაღლა და დაკლებული წნევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონოდა ასეთი ტიპის დასახლებას. სამწუხაროდ, ეს არის ტექნიკური პასუხი, თუმცა არის ის რეალობა, რომელიც ამ სისტემაში შეიქმნა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გუდაურში, „რედკოში“ წყალმომარაგება უკვე აღდგენილია.

„ბაკურიანს რაც შეეხება, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ასევე ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება. ამ ეტაპზე, ხდება ტუმბოების დაყენება იმისთვის, რომ უკვე მიღებული წყლის მიწოდება მოხდეს სისტემაში. ჩვენ ველოდებით დღის განმავლობაში, რომ ბაკურიანშიც აღდგება წყალმომარაგება იმ სასტუმროებში, რომელთაც ამ ეტაპზე წყალი არ მიეწოდებათ.

თუმცა, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში ჩვენ განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდით წყალმზიდების საშუალებით ყველა იმ სასტუმროს წყალს, ვისაც წყლის რეზერვუარი აქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ წყლის მოხმარების ზრდას განაპირობებს აბონენტების მატებაც.

„გუდაურში გვყავს დაახლოებით 50 ახალი იურიდიული პირი, რომელიც გახდა წელს ახალი აბონენტი. ეს არის მხოლოდ იურიდიული პირი, თუმცა ხედავთ, რომ „რედკოს“ ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი ადამიანისთვის შეიქმნა საცხოვრებელი ფართი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ისევე როგორც ახალი მშენებარე სასტუმროები, ზრდის მოხმარებას, ზრდის წყლის საჭიროებას. ასეთი კლიმატური პირობების შედეგად ვერ ხდება წყლის მიწოდება სისტემაში, რომელიც არის საჭირო ნორმალური და უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად. რადგან გაზრდილია წყლის მომხმარებელთა რაოდენობა საახალწლო სეზონზე, პრაქტიკულად, ყველა სასტუმროს სრულად შევსება ქმნის წყლის მიწოდების პრობლემას, სწორედ ის სამუშაოები იგეგმება, ინფრასტრუქტურამ ფეხი აუწყოს განვითარებას, რომელიც გუდაურში გვაქვს.

რაც შეეხება ბაკურიანს, ბაკურიანში ჩვენ წელს გვყავს 800-მდე ახალი აბონენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ 800-მდე აბონენტიდან ნახევარი არის იურიდიული პირი, ანუ სასტუმრო. ასევე, ეს არის გაზრდილი რაოდენობა და შესაბამისად, ბაკურიანშიც არის დაგეგმილი და მიმდინარეობს წყალგაყვანილობის დამატებითი სამუშაოები იმისთვის, რომ ასევე 2020 წლის სეზონისთვის ჩვენ მოვაგვაროთ წყალმომარაგების თვალსაზრისით შესაძლო პრობლემები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.