მაია ცქიტიშვილი - ფოთის პორტი ანაკლიის პროექტისთვის ბარიერი არ უნდა იყოს, რადგან ფოთის პორტის შემთხვევაში ვსაუბრობთ არსებული ბიზნესის გაფართოებაზე
მაია ცქიტიშვილი - ფოთის პორტი ანაკლიის პროექტისთვის ბარიერი არ უნდა იყოს, რადგან ფოთის პორტის შემთხვევაში ვსაუბრობთ არსებული ბიზნესის გაფართოებაზე

ფოთის პორტი ანაკლიის პროექტისთვის ბარიერი არ უნდა იყოს, რადგან ფოთის პორტის შემთხვევაში ვსაუბრობთ არსებული ბიზნესის გაფართოებაზე, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი ანაკლიის პორტის განვითარების თვალსაზრისით.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინტერესი არასდროს დაგვიკარგავს. ეს არის პროექტი, რომელიც უშუალოდ სახელმწიფოსგან არის ინიცირებული. ჩვენთვის ანაკლიის პორტი არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ეკონომიკურ დერეფანში სერიოზული ინვესტორის, ასევე ახალი სერიოზული გადამზიდავი კომპანიის შემოსვლით მეტი ტვირთი მოვიზიდოთ; ჩვენს ეკონომიკურ დერეფანში შევქმნათ უფრო დიდი ეკონომიკური აქტივობა და არა მხოლოდ სატრანზიტო მოძრაობას, არამედ ლოჯისტიკურ ბიზნესს მოვემსახუროთ; შევქმნათ სამუშაო ადგილები და ამით ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული ლოკაცია გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ფოთის პორტი ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის მიწათსარგებლობის ნებართვას ითხოვს.