მადლობელი ვარ ამ ლამაზი ქვეყნის გაცნობისთვის - სპორკსლედემ „დინამო“ დატოვა #1TVSPORT
მადლობელი ვარ ამ ლამაზი ქვეყნის გაცნობისთვის - სპორკსლედემ „დინამო“ დატოვა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ნიდერლანდელმა ფაბიან სპორკსლედემ დატოვა – ინფორმაციას „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისსა და ფაბიან სპორკსლედეს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ნიდერლანდელ მცველს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

„ინსტაგრამის“ გვერდზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

„ეს თავგადასავალი ახლა სრულდება. დიდი პატივი იყო დინამო თბილისის შემადგენლობაში ყოფნა. მადლობელი ვარ გამოწვევისთვის და ამ ლამაზი ქვეყნის გაცნობისთვის. მადლობა დინამო თბილისს“.

ფაბიან სპორკსლედე „დინამოს“ 2021 წლის სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. მთლიანობაში ლურჯ-თეთრების ფორმით ნიდერლანდელმა მარჯვენა ფლანგელმა 34 მატჩი გამართა, ორი გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

28 წლის ფეხბურთელი „აიაქსის“ აღზრდილია და 2012-15 წლებში ამსტერდამული გრანდის შემადგენლობაში ირიცხებოდა. დებიუტი 2012 წელს „ტვენტესთან“ ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგაც ითამაშა („აიაქსმა” 1:4 წააგო). 2012 წლის 7 ოქტომბერს, „უტრეხტთან“ საშინაო შეხვედრაში, სპორკსლედე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც „აიაქსის“ მაისურით ერედივიზიონის მატჩში გაიტანა… საკუთარ კარში.

ამის შემდეგ სპორკსლედემ ითამაშა „ტილბურგში“, იტალიურ „კიევოში“, „ლუპა კასტელი რომანიში“, „ბრედაში“ და „ვაალვაიკში“. იყო ნიდერლანდების ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ფაბიან სპორკსლედეს „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.