ლუკა გაგნიძე ავსტრიაშია - 18 წლის ქართველი მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად ემზადება #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა სიახლეები ლუკა გაგნიძის შესახებ, რომლითაც goal.ge-ს ინფორმაციით, მოსკოვის „დინამო“ დაინტერესდა – რუსულმა კლუბმა „დინამო თბილისის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი შეკრებაზე წაიყვანა.
ლუკა გაგნიძე 18 წლისაა და „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. მას ეროვნულ ლიგაში დებიუტი 2020 წლის სეზონში ჰქონდა და „დინამოს“ ფორმით 2 მატჩი ჩაატარა. წლეულს კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, ეროვნულ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, ლუკა გაგნიძე ავსტრიაშია, სადაც 24 ივლისს წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩის მეორე დღეს გაემგზავრა. იქ მოსკოვის „დინამო“ სეზონისთვის ემზადება. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული კლუბი ავსტრიის მთიან ქალაქ კოტმულეში 22 ივნისს ჩავიდა, სადაც 4 ივლისამდე დარჩება.
„დინამომ“ ზაფხულში უკვე დაიმატა ურუგვაის ნაკრებისა და გლაზგოს „სელტიკის“ მარცხენა მცველი დიეგო ლაქსალტი (2018-2020 წლებში „მილანში“ 24-ჯერ ითამაშა), ხოლო პორტუგალიური „ბელენესეშედან“ – ფლანგის შემტევი მიგელ კარდოზუ. გუნდში რუსეთის ნაკრების სამი წევრია – ანტონ შუნინი, რომან ევგენიევი და დანილ ფომინი.
გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს, ხოლო შაბათს საკონტროლო მატჩს რუმინეთის ჩემპიონის, „კლუჟის“ წინააღმდეგ გამართავს. მოსკოვის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გერმანელი სანდრო შვარცია, რომელიც 2017-2019 წლებში „მაინცი 05“-ის მთავარი მწვრთნელი იყო. შვარცმა მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 14 ოქტომბერს გააფორმა.
Transafermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები რომ განაახლა, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სიაში მეორე ადგილზე „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე დაწინაურდა – 18 წლის ფეხბურთელის შეფასება, რომელიც პროფესიონალებში პირველ სეზონს ატარებს, 700 ათასი ევროა.
გაგნიძე ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. 2019 წლის 21 აპრილს ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ფინალში „დინამო თბილისის“ აკადემიის 16-წლამდელების გუნდი იტალიურ „ემპოლის“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ტურნირის შემდეგ ლუკას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.
აპრილში იტალიურმა ინტერნეტ-პორტალმა grandhotelcalciomercato-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურინის „იუვენტუსი“ არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას, არამედ „დინამოელ“ გაგნიძესაც აკვირდებოდა. გამოცემამ თბილისის „დინამოს“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ მთავარ იმედს „18 წლის რეჟისორი“ უწოდა, „რომელსაც უკვე ევროპელი ცნობილი გუნდები აკვირდებიან“.
„გაგნიძეს ბევრი უყურებს. „იუვენტუსმა“ 2020 წელს შენიშნა. ოფიციალური წინადადება არ ყოფილა, მაგრამ ეს ახალგაზრდა ერთ-ერთი მათგანია, ვინც „იუვენტუსის“ სკაუტების ობიექტში მოხვდა, ისევე როგორც სერია ა-ს სხვა გუნდების სიაში. გაგნიძემ იცის, რომ მას აქვს კარგი პოტენციალი, ისევე როგორც ბევრს საქართველოში“. – წერდა grandhotelcalciomercato.