ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, მთლიანად დაიპყრონ სევეროდონეცკი, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, მთლიანად დაიპყრონ სევეროდონეცკი, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან

რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, მთლიანად დაიპყრონ ქალაქი სევეროდონეცკი, მაგრამ განიცდიან მნიშვნელოვან ზარალს, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ უკრაინის ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაის განცხადებით, რუს  სამხედროებს ქალაქის ალყაში მოქცევის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა უკრაინის საარტილერიო შეტევის შედეგად, საოკუპაციო ძალებმა უკან დაიხიეს.

სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინის არმია სრულად აკონტროლებს სევერეოდონეცკის მახლობლად მდებარე ქალაქ ლისიჩანსკს, თუმცა ქალაქს რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ გაანადგურა რუსული ჯარების ტაქტიკური ჯგუფი, ერთ-ერთი სამხედრო ცენტრი და უპილოტო თვითმფრინავი. ხარკოვის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ჯარების პოზიციები ქვემეხებითა და რეაქტიული არტილერიით დაბომბეს. რუსეთის არმიამ ნიკოლაევის რაიონი დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.