ლონდონში საფეხბურთო მატჩებზე ისევ აიკრძალა გულშემატკივრების დასწრება
ლონდონში საფეხბურთო მატჩებზე ისევ აიკრძალა გულშემატკივრების დასწრება

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ლონდონში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განკარგულება გამოაქვეყნა.

პანდემიის გამო, ინგლისში ქალაქები სამ ჯგუფად არის დაყოფილი – დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრის დონის მიხედვით. ლონდონი, ესექსის საგრაფო და ჰარტფორდშირი გადაყვანილნი არიან შეზღუდვის „მესამე დონეზე“. ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათიდან შევა ძალაში. ეს კი ნიშნავს, რომ სპორტული ტურნირების მაყურებლებით ჩატარება იკრძალება.

ასე რომ, პრემიერლიგის მე-13 ტურის სამი მატჩი: არსენალი-საუთჰემპტონი, ვესტ ჰემი-კრისტალ პალასი და ფულჰემი-ბრაიტონი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდება. ამ მატჩებზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო და ახლა, მასპინძელი გუნდები მათ უკან დაბრუნებაზე ზრუნავენ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერის ბოლოს, ლონდონურმა კლუბებმა მიიღეს უფლება – საშინაო მატჩებში ტრიბუნებზე დაეშვათ მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა. მაქსიმალური რიცხვი 2000 ადამიანი იყო.