ლონდონის არსენალი“ 60 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს #1TVSPORT
ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა კლუბში 60 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლებს 14 ოქტომბერს, დილით აცნობეს. საკადრო ცვლილებები ძირითადად ადმინისტრაციულ და სხვა არასაფეხბურთო მიმართულებებს შეეხება. ამასთან, შემცირება არ გავრცელდება მამაკაცთა და ქალთა გუნდების სამწვრთნელო შტაბებზე, კლუბის საქველმოქმედო ფონდსა და უსაფრთხოების სამსახურზე.
აღსანიშნავია, რომ „არსენალმა“ გასულ სეზონში 22-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის ტიტული მოიპოვა. მიუხედავად სპორტული წარმატებისა, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ხარჯების შემცირებასა და ფინანსური საქმიანობის ოპტიმიზაციას გეგმავს.
ამ ეტაპზე თანამშრომელთა შემცირების პროცესი დასრულებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებები კონსულტაციების შემდეგ მიიღება.