ლომია თებიძემ „ც“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა [ფოტო]
ლომია თებიძემ „ც“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა [ფოტო]

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღეს ერთადერთი ქართველი ასპარეზობდა. 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ც“ ჯგუფში 17 წლის ლომია თებიძემ ხუთი ცდა გამოიყენა და ორჭიდის ჯამში 307 კილოგრამით, ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა.

პირველი დისციპლინა თებიძემ 130 კილოგრამით დაიწყო, შემდეგ შემდეგ კი ასევე წარმატებით 134 და 137 დასძლია და „ც“ ჯგუფის შვიდ მონაწილეს შორის ატაცი მესამე ადგილზე დაასრულა. აკვრაში ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 163 კილოგრამიანი სიმძიმე დაიმორჩილა. მეორე მისვლაზე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით შტანგა შვიდი კილოგრამით დამძიმდა და თებიძემ დავალება ამჯერადაც იდეალურად შეასრულა. ბოლო ცდაზე კი აქცენტი ჯგუფის მოგებაზე გაკეთდა. აკვრაში საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად ლომიას 172 კილოგრამი ჰყოფნიდა, თუმცა ძელის წონამ 179 შეადგინა რაც ორჭიდის მოსაგებად იყო საჭირო. სამწუხაროდ თებიძის ბოლო მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და ქართველმა სპორტსმენმა ორჭიდში მეორე აკვრაში კი მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფში ორივე დისციპლინა და შესაბამისად ორჭიდი ირლანდიელმა შონ ბრაუნმა (144;171; 3015) მოიგო.

ამავე წონის „ბ“ ჯგუფში მყოფი სპორტსმენები ასპარეზობას 15:00-იდან დაიწყებენ, „ა“ ჯგუფი კი სტარტს 20:30-ზე აიღებს, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს მეორე არხი შემოგთავაზებთ. ასევე „პირველი არხი სპორტის“ „იუთუბ“ (Youtube) არხზე ყოველდღიურად ყველა წონითი კატეგორიის „ც“ და „ბ“ ჯგუფების პირდაპირი რეპორტაჟები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე სამი მედალი აქვს. აკვრაში ოქრო შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო, აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) დაისაკუთრა.