„ლივერპულმა“ 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო #1TVSPORT
„ლივერპულმა“ 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო #1TVSPORT

„ლივერპულმა“ ტრაგიკულად დაღუპული დიოგო ჟოტას 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო, – ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ეს იყო ნომერი, რომელსაც დიოგო ჟოტა სიამაყით ატარებდა და ყველასგან გამოირჩეოდა, ეს ნომერი უამრავ წარმატებასთან ასოცირდებოდა. „ლივერპული“ ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად მისი ნომერი სამუდამოდ ამოღებული იქნება. გადაწყვეტილება მიღებულია მის მეუღლესა და ოჯახის წევრებთან შეთანხმებით. ნომერი აღარ გამოიყენება არცერთ დონეზე — არც აკადემიაში, არც ქალთა გუნდში.

ეს ნაბიჯი „ლივერპულის“ მხრიდან ორმაგი დატვირთვის მატარებელია — ერთი მხრივ, იგი ჟოტას უდიდეს წვლილს ასახავს კლუბის წარმატებებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მეორე მხრივ კი, იმ სულიერ კავშირს და შთამბეჭდავ გავლენას გამოხატავს, რაც მას თანაგუნდელებზე, კლუბის თანამშრომლებსა და გულშემატკივრებზე ჰქონდა“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

28 წლის დიოგო ჟოტა ავტოავარიაში საკუთარ ძმასთან ერთად დაიღუპა.