ლიონელ მესი - რატომ ვიტირე? ეს არ უკავშირდებოდა ფეხბურთს, რამდენიმე რთული დღე გავიარე, მადლიერი ვარ დელეგაციის და თანაგუნდელების #1TVSPORT
ალჟირთან გამარჯვების და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო თანაბომბარდირად გახდომის შემდეგ, ლიონელ მესიმ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩის დროს არგენტინელმა მოედანზე ცრემლები ვერ შეიკავა, ჟურნალისტებმა მას პირველად სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს.
„რატომ ვიტირე? ეს არ უკავშირდებოდა ფეხბურთს. რამდენიმე რთული დღე გავიარე, მაგრამ მადლიერი ვარ მთელი დელეგაციისა და ჩემი თანაგუნდელების, რადგან ისინი მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ და დიდ ძალას მაძლევდნენ ამ ყველაფრის გადასატანად.
ფეხბურთის თამაში მიყვარს, ეს ბავშვობიდან ჩემი ვნებაა. როცა კარგ ფორმაში ვარ, მოედანზე ყველაფერს ვდებ, რაც გამაჩნია. ეს ჩემი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია და ჯერ კიდევ ვგრძნობ, რომ ფორმაში ვარ. საბედნიეროდ, თავს კარგად ვგრძნობ. დღეს რთული მატჩის მოგება შევძელით. ტურნირის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი თამაში არასდროს არის მარტივი.
პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს გადავლახეთ და მეორე ტაიმში გადამწყვეტი სხვაობა შევქმენით. რაფა ნადალის დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ და მასთან ბევრ საერთოს ვპოულობ. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს.
რაც შეეხება ჩემს სათქმელს გულშემატკივრებისთვის, პირველ რიგში, მადლობას ვუხდი მათ, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ განსაკუთრებულები არიან. ისინი ყოველთვის აქ არიან, კატარში თუ აშშ-ში. ვიცი, უდიდეს მსხვერპლზე მიდიან.
იმედი მაქვს, ისიამოვნებენ ამ მომენტით და იმით, რაც დღეს მოხდა, ისევე, როგორც ჩვენ გვსიამოვნებს. კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას, რადგან მათი წყალობით საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, ეს კი უდიდეს უპირატესობას გვაძლევს“, – განაცხადა მესიმ.
არგენტინის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩს 22 ივნისს ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს.