ლევანდოვსკი ერთა ლიგის პირველ ორ ტურს გამოტოვებს
ლევანდოვსკი ერთა ლიგის პირველ ორ ტურს გამოტოვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი არ დაეხმარება პოლონეთის ნაკრებს ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ ორ მატჩში. ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა 32 წლის თავდასხმელს დამატებითი დასვენების საშუალება მისცა მომქანცველი და გრძელი სეზონის შემდეგ.

„ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ახლა მისთვის საუკეთესო იქნება თამაშებისგან ფიზიკურად და მორალურად დასვენება. წინ მას კიდევ ერთი დაძაბული სეზონი ელოდება. ის, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენს კაპიტნად და მთავარ ფეხბურთელად“, – განაცხადა პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იეჟი ბჟეჩეკმა.

პოლონეთი ერთა ლიგას 4 სექტემბერს, ნიდერლანდებთან მატჩით იწყება, 7 სექტემბერს კი ბოსნიას შეხვდება.