ლევან სურგულაძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის ერთი ნაწილი მზად არის, მეორე მზადების პროცესშია და მალე იქნება
ლევან სურგულაძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის ერთი ნაწილი მზად არის, მეორე მზადების პროცესშია და მალე იქნება

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის ერთი ნაწილი მზად არის, მეორე მზადების პროცესშია და მალე იქნება, სააგენტოს ანგარიშზე აკუმულირებული თანხების ნაწილი – დაახლოებით, 260 მილიონი ლარი ფულად ინსტრუმენტებში განთავსდება, ნაწილი – ფასიან ქაღალდებში, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საპენსიო რეფორმის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე დაგროვებული 300 მილიონ ლარზე მეტი თანხის მართვასთან დაკავშირებული საინვესტიციო პოლიტიკა განიხილეს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რატომ არის მოსახლეობის საპენსიო ანაბარი დღეის მდგომარეობით განთავსებული მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე, სადაც მხოლოდ რვა პროცენტიანი სარგებელი ერიცხება და რატომ ფერხდება მისი უფრო მომგებიანად ინვესტირება, მაშინ, როცა სააგენტოს საინვესტიციო საბჭო უკვე დაკომპლექტდა, ხოლო განსაკარგავი თანხის მოცულობა საკმაოდ სოლიდურია.

სურგულაძის ინფორმაციით, არავითარ შეფერხებას ადგილი არ აქვს და სააგენტო საინვესტიციო პორტფელის მართვის სტანდარტულ პროცედურას გადის.

„აქ არავითარი შეფერხება არ გვქვს. ჩვენ მივყვებით სტანდარტულ პროცედურებს. ეს საინვესტიციო პროცესი უნდა დაიწყოს და განხორციელდეს ყოველგვარი რისკების გადაზღვევით, ყოველგვარი პროცედურების დაცვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სიფრთხილეა საჭირო. ამ ეტაპზე პრაქტიკულად მზად არის საინვესტიციო პოლიტიკის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი, ანუ სრული საინვესტიციო პოლიტიკაც მზადების პროცესშია და მალე მზად იქნება. ახლა ისევე, როგორც ყველა პორტფელში, აუცილებელია, რომ გარკვეული თანხები ფულად ინსტრუმენტებში იყოს განთავსებული. ჩვენ უკვე მოველაპარაკეთ კომერციულ ბანკებს და პირველი ინვესტიციები ძალიან მალე სადეპოზიტო სერთიფიკატებში განხორციელდება, რომლებიც ქართული კომერციული ბანკების მიერ არის გამოშვებული“, – განაცხადა სურგულაძემ.

თუმცა, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საინვესტიციო პოლიტიკის დასრულებისა და თანხების დაბანდების ზუსტი თარიღების დასახელებისაგან თავი შეიკავა. მხოლოდ აღნიშნა, რომ გრძელვადიან საბანკო დეპოზიტებზე დაახლოებით, 260 მილიონი ლარი განთავსდება.

„ახლა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს საბანკო ხელშეკრულებებზე სხვადასხვა ბანკებთან. ეს უნდა გავიაროთ. შესაბამისად, ბანკებთან საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ და როგორც კი ხელშეკრულებების გავლა დასრულდება, თანხების განთავსება მაშინვე მოხდება. იქ სარგებელი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დღეს ერიცხება, დაახლოებით 11-12 პროცენტის ფარგლებში. ამ ეტაპზე დანაზოგებს დახლოებით ცხრა მილიონამდე სარგებელი დაერიცხათ. გრძელვადიან საბანკო დეპოზიტებზე დაახლოებით 260 მილიონი ლარი განთავსდება“, – განაცხადა სურგულაძემ.

სურგულაძის მიხედვით, ფასიან ქაღალდებში თანხების დაბანდება ფულად ინსტრუმენტებში თანხის განთავსების შემდეგ მოხდება.

„მას შემდეგ, რაც თანხის ნაწილს ფულად ინსტრუმენტებში განვათავსებთ, როგორც ეს ნებისმიერ სტანდარტულ პორტფელშია გათვალისწინებული, ამის მერე დაიწყება თანხების განთავსება ძირითადად ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში, როგორიცაა კორპორატიული ობლიგაციები. ასეთი ობლიგაციები დღეს საქართველოში ბევრი არ არის, მაგრამ არის. თუმცა არსებობს ლატენტური მოთხოვნა. ჩვენი კაპიტალის ბაზარი არ იყო განვითარებული, რადგან არ იყო საინვესტიციო კაპიტალი. ახლა საპენსიო დანაზოგების სახით, რომ გაჩნდა გრძელვადიანი და დაბალფასიანი ფულადი რესურსი, კომპანიები მოტივირებული იქნებიან, რომ დააკმაყოფილონ საჭირო მოთხოვნები და ფინანსური ინსტრუმენტები გამოუშვან“, – განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ შესაძლოა, თანხების საერთაშორისო ბაზრებზე განთავსების საკითხიც განიხილოს, თუმცა პირადად ის თვლის, რომ მოცემულ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე დაბანდება უფრო სარგებლიანი იქნება.

„საზღვარგარეთ ამონაგები ფინანსურ ინსტრუმენტებზე არის გაცილებით დაბალი, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, მე პირადად ამ ეტაპზე ეს რომ მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი იყოს,არ განვიხილავდი დიდი რაოდენობით საერთაშორისო ინსტრუმენტებში თანხების განთავსებას“, – განაცხადა სურგულაძემ.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 11 ოქტომბრის დილის 9 საათის მდგომარეობით, 903 ათასი ადამიანი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში, საიდანაც სქემა მხოლოდ 161 ათასმა ადამიანმა დატოვა.

„აქედან საჯარო მოხელეების რაოდენობა 42 ათასი იყო. საჯარო და კერძო პირების პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც სქემა დატოვეს, დაახლოებით ერთი და იგივეა“, – დააზუსტა ლევან სურგულაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრის დასასრულს.