ლევან მჭედლიძე - ათ დღემდე მჭირდება, „ტორპედოს“ რომ შევუერთდე და ჩემპიონატში ბოლომდე დავეხმარო #1TVSPORT
ლევან მჭედლიძე - ათ დღემდე მჭირდება, „ტორპედოს“ რომ შევუერთდე და ჩემპიონატში ბოლომდე დავეხმარო #1TVSPORT

ლევან მჭედლიძემ, რომელმაც ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც ახალ კლუბსა და თავის მდგომარეობაზე ილაპარაკა – 31 წლის ფორვარდი იმედოვნებს, რომ ქუთაისურ კლუბს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვიცი, „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს და მისი დღევანდელი პოზიცია არ მომწონს. იმედია, ყველაფერი მალე გამოსწორდება და დალაგდება. მე ბათუმის „დინამოსთან“ თამაში ვნახე და ძალიან ნასიამოვნები ვარ. იმედია, ასეც გაგრძელდება და ეს პირველივე მატჩის შედეგზეც კარგად აისახება“, – ამბობს ლევან მჭედლიძე.

ქუთაისელთა ახალწვეულმა კომენტარი „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელზე, კახა ჩხეტიანზეც გააკეთა.

„კახა ჩხეტიანი და მე „დინამო თბილისში“ რაღაც პერიოდი ერთად ვიყავით. ვიცი მისი ფილოსოფია, ფეხბურთი უყვარს და ამით სიამოვნებას იღებს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვისაც მისაღებია. მე კახასი მჯერა და იმედია, გუნდი მის დავალებებს მოედანზე სწორად შეასრულებს, რაც დარწმუნებული ვარ, შედეგს გამოიღებს“.

როდის ითამაშებს ლევან მჭედლიძე „ტორპედოში“? მან ამის შესახებაც ილაპარაკა.

„ინდივიდუალურად ვემზადებოდი, გუნდთან მოლაპარაკება მქონდა და მაშინ დავთანხმდი, როდესაც ვიგრძენი, რომ ამის დრო იყო. რა თქმა უნდა, ვარჯიშიც და თამაშიც მაკლია, მაგრამ შევეცდები, რომ ფორმა სწრაფად აღვიდგინო და რაღაც დონეზე გუნდს სწრაფადვე დავეხმარო. ამ ყველაფერზე ხვალ დავილაპარაკებთ და ერთი კვირა ან ათი დღე დამჭირდება, გუნდს რომ შევუერთდე და ჩემპიონატში „ტორპედოს“ ბოლომდე დავეხმარო, ამ რთულ მდგომარეობას თავი რომ დააღწიოს“.

ქუთაისელთა ახალწვეულმა „ტორპედოს“ გულშემატკივრებზეც ილაპარაკა.

„ქუთაისელი გულშემატკივარი ცნობილია. მათთან ახლო შეხება არ მქონია. მაგრამ ყველა მეუბნება ქუთაისში თავისი კლუბი როგორ უყვართ. იმედია, ყველა ერთობით გადავრჩებით – ესაა ჩვენი მიზანი და შემდეგ დიდი სიამოვნებას მივიღებთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე დავიხარჯებით. ამის პირობას ყველას ვაძლევ“.

დატოვე კომენტარი