ლევან კორღალიძე - მწვრთნელმა თუ არ გარისკე, ცხოვრებაში არაფერი გამოგივა და „საბურთალოში“  დაბრუნება მიღირდა #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - მწვრთნელმა თუ არ გარისკე, ცხოვრებაში არაფერი გამოგივა და „საბურთალოში“  დაბრუნება მიღირდა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ საქართველოს თასის ფინალში წყალტუბოს „სამგურალთან“ დაპირისპირება და მანამდე განმვლილი გზა გაიხსენა.

„ჯერ კიდევ ემოციაში ვარ. ეს „საბურთალოს“ ძალიან დიდი წარმატებაა, რაც გუნდის ყველა გულშემატკივარს, მოთამაშეებსა და ხელმძღვანელობას მინდა მივულოცო. მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომა იყო გაწეული. სეზონი დავიწყე და დავამთვარე მე. მაგრამ აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი ხვიჩა შუბითიძის გაწეულ შუალედურ შრომას – ნახევარფინალამდე გუნდი მან მიიყვანა“, – განაცხადა ლევან კორღალიძემ.

„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გუნდს სეზონის დასაწყისში ავარჯიშებდა, მერე კლუბი დატოვა, მაგრამ სეზონის ბოლოს გუნდში ისევ დაბრუნდა. მან ამის შესახებაც ილაპარაკა.

„იყო თუ არა სეზონის ბოლოს გუნდში დაბრუნება რისკი? რა თქმა უნდა, იყო – გორის „დილას“ „საბურთალო“ 9 ქულით ჩამორჩებოდა, ხოლო თასის ნახევარფინალში ძალიან ძლიერი მეტოქე, ბათუმის „დინამო“ გვყავდა. მაგრამ მწვრთნელმა თუ არ გარისკე, ცხოვრებაში არაფერი გამოგივა და ღირდა. თან ვთვლი, რომ „საბურთალოში“ დაბრუნებით ადამიანური ვალი მოვიხადე, მათ შორის, სპორტული ვალიც და ბედნიერი ვარ“.

„საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა „საბურთალოს“ პრეზიდენტზე, ტარიელ ხეჩიკაშვილზე ილაპარაკა.

„ჩემი მეგობარია „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი. კარგად ვიცი, პანდემიის გამო ბიზნესისთვის როგორი ძნელი წელი იყო, ბიზნესი, ფაქტობრივად, არ მუშაობდა და როგორი სიძნელეები ჰქონდა. იმედია, ეს ყველაფერი გადალახა. მინდა პირადად მას და კლუბს წარმატებები ვუსურვო“.

კორღალიძის თქმით, ჯერ სამომავლო გეგმებზე ვერ ლაპარაკობს.

„მართალი გითხრათ, გეგმებზე ლაპარაკი მიჭირს, რადგან „საბურთალოსთან“ ჩემი კონტრაქტი ამოიწურა. დავჯდებით და დავილაპარაკებთ. მაგრამ გუნდი რაღაც ეტაპზე რომ ადის, წინსვლისთვის განვითარება სჭირდება. ევროტურნირზე მითამაშია და ვიცი, რა მნიშვნელობის თამაშები გველის და რამხელა მნიშვნელობა აქვს, გუნდში ძლიერი მოთამაშეები რომ გყავს. ჩვენ ძალიან კარგი კონტიგენტი გვყავს, ამიტომ წერტილოვნად უნდა გავძლიერდეთ. კარგია, რომ მოსამზადებლად ნახევარი წელი გვაქვს. მთელ საქართველოს წარმოვადგენთ და უფლება არ გვაქვს, რომ იმედები გავუცრუოთ. აქვე უნდა აღვნიშნო „საბურთალოს“ აკადემიის კარგი მუშაობა, რადგან გუნდი სულ თავისი აღზრდილებიდან იღებს შევსებას. შეიძლება, ძლიერი მოთამაშეები ვერ ჩამოვიყვანოთ, მაგრამ საკუთარი აღზრდილებით წარმატების მიღწევა შეგვიძლია. თუმცა, წერტილოვნად გაძლიერება გვჭირდება“.