ლევან კორღალიძე - „დილასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, იმედია, ასეც გავაგრძელებთ #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - „დილასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, იმედია, ასეც გავაგრძელებთ #1TVSPORT

საბურთალომხუთმატჩიანი მოუგებელი სერია გორში დაასრულა. თბილისურმა კლუბმა ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში სტუმრად გორის „დილა“, იური ტაბატაძისა და გიორგი ერისთავის გოლებით დაამარცხა და ლიდერი შეაჩერა, თავად კი სამეულს მიუახლოვდა.

„დილასთან“ გამარჯვება „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდმა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. 

„თავდაპირველად, მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა, შემდეგ მეტოქემ მოიპოვა უპირატესობა. ისე მოხდა, რომ ტაიმის მიწურულს კარგი გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმის დებიუტში გაგვითანაბრეს ანგარიში, მაგრამ საბოლოოდ, სამი ქულის მოპოვება მაინც შევძელით. ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. კარგია, რომ, რაც დაგეგმილი გვქონდა, იმის გაკეთება შევძელით“, – განაცხადა ლევან კორღალიძემ.

ეროვნული ლიგის მომდევნო, მე-8 ტურის შეხვედრას „საბურთალო“ კვირას, 11 აპრილს ქობულეთის „შუქურასთან“ თბილისში, „მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართავს. „საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის თქმით, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის: „რაც შეეხება მომავალ მატჩს – თამაში შემჭიდროებული გრაფიკით გვიწევს. „დილასთან“ გამარჯვება უკვე დავიწყებულია და მომავალი შეხვედრისთვის ვემზადებით. „შუქურასთან“ შეხვედრას კარგი განწყობით ვხვდებით და იმედი მაქვს, ასევე გავაგრძელებთ“.

ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „დილასთან“ გამარჯვებით „საბურთალომ“ შვიდი ტურის შემდეგ ათი ქულა დააგროვა, მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა და სამეულს მიუახლოვდა.