ლევან კობიაშვილი - ვიმედოვნებთ, რომ ნაკრების ახალ მწვრთნელს მალე წარვადგენთ
ლევან კობიაშვილი - ვიმედოვნებთ, რომ ნაკრების ახალ მწვრთნელს მალე წარვადგენთ

საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ნაკრების ახალ მწვრთნელს საზოგადოებას მალე წარუდგენენ.

„მარტის ბოლომდე, როდესაც ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება, ახალი მწვრთნელის შესარჩევად დროს არის. თუმცა, ბევრი დროც არ გვაქვს და გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც მანამდე გუნდს გაიცნობს და ფეხბურთელებთან ურთიერთობა ექნება. შესაბამისად, ვმუშაობთ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაც შეიძლება მალე რომ წარვადგინოთ. დღევანდელი მონაცემებით, ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე მოვახერხებთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ლევან კობიაშვილის თქმით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმა საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევაში ორგანიზაციას ფინანსურად არ შეზღუდავს.

„სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები სანაკრებო ხარჯებზე იყო გაწერილი და მომავალ მწვრთნელთან და მის ხელშეკრულებასთან კავშირში არ აქვს. ამას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს – ესაა ჩვენი ვალი. ნამდვილად ძლიერი სპონსორები გვყავს. ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხარჯს, მათ შორის, ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს, თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს“, – ამბობს კობიაშვილი.