ლევან კობიაშვილი - სტადიონის მშენებლობით ფეხბურთში უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - სტადიონის მშენებლობით ფეხბურთში უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოფელ სართიჭალაში სტადიონის მშენებლობაზე კომენტარი გააკეთა.

სფფ-ის პრეზიდენტმა დაათვალიერა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, სადაც განახლებული არენით სართიჭალის საფეხბურთო კლუბი „შტურმი“, ადგილობრივი ბავშვთა და ასაკობრივი გუნდები ისარგებლებენ.

„მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება და ბედნიერება, რომ ძალიან მალე სართიჭალაში კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იქნება. იქ პირველ გუნდს და ასევე ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის სტადიონზე ივარჯიშონ და ითამაშონ. ეს ხელს შეუწყობს მათ წინსვლას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტ ბავშვს გაუჩნდება სურვილი ჩაერთოს, ითამაშოს ფეხბურთი, გახდეს ამ კლუბის წევრი, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთის პოპულარიზაციაში რეგიონებში ინფრასტრუქტურის მშენებლობის როლს გაუსვა ხაზი: „ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სართიჭალისთვის, არამედ მიმდებარე სოფლებისთვის და რეგიონისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას. გვიხარია, რომ ერთობლივად ვიღებთ ამ პროექტში მონაწილეობას“.

სტადიონზე მოეწყობა თანამედროვე გასახდელი ფეხბურთელებისთვის, 650 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სტადიონზე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყობა საპარკინგე სივრცე. ასევე მოხდება არსებული ტერიტორიის შემოღობვა.

სფფ-ს ცნობით, სტადიონის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მოედნის საძირკველსა და მოედნის საფარის დაგებას, ასევე საჭირო ინვენტარს, ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. პროექტი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.