ლევან კობიაშვილი - საქართველოში მეტი Pro ლიცენზიის მწვრთნელი გვჭირდება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - საქართველოში მეტი Pro ლიცენზიის მწვრთნელი გვჭირდება #1TVSPORT

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის ახალი კურსის დაწყებას „პეტრო-არენაზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტები, კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ. მათ კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, მწვრთნელთა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვეს. 

„საქართველოში უკვე მესამედ დაიწყო Pro ლიცენზიის სწავლება. ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, რადგან უეფა-მ მოგვცა უფლება მათთან თანამშრომლობით აღნიშული კურსი საქართველოში ჩავატაროთ. ეს არის ყველაზე მაღალი საფეხური სამწვრთნელო საქმიანობაში. მსურს, ყველა მონაწილეს მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს თითოეული მათგანისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“, – ამბობს კობიაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სასწავლო პროცესზე და ქართული ფეხბურთისთვის მის მნიშვნელობაზე ილაპარაკა: „სასწავლო კურსი დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება და მონაწილეებს ყველანაირი პირობა ექნებათ იმისთვის, რომ უმაღლესი დონის განათლება მიიღონ. ეს პირველ რიგში მწვრთნელთა განვითარებას შეუწყობს ხელს და ასევე, ეს პროცესი მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება Pro ლიცენზიის მქონე მწვრთნელები, რა თქმა უნდა, საქართველოში არიან ასეთი სპეციალისტები, თუმცა, არა იმ რაოდენობით რომელიც გვჭირდება“.