ლევან კობიაშვილი - „საბურთალოს“ ევროტურნირზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - „საბურთალოს“ ევროტურნირზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს თასის ახალი მფლობელის, „საბურთალოს“ შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ თბილისელებმა ქუთაისში გამართულ ფინალურ შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალი“ 1:0 დაამარცხეს.

„ეს გამარჯვება ამ გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრს ნიშნავს იმ კუთხით, რომ „საბურთალოს“ დიდი პასუხისმგებლობა აქვს მომდევნო წელს, რადგან შეეცდება, ევროტურნირზე საქართველოს და ქართულ ფეხბურთს წარმატება მოუტანოს“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დამარცხებული „სამგურალის“ თამაშზეც გაამახვილა ყურადღება და ქუთაისის სტადიონის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.

„მინდა „სამგურალს“ არაჩვეულებრივი სეზონისთვის და განსაკუთრებით, ბოლო წლებში პროგრესისთვის. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაძლიერდება და კონკურენტუნარიანი გახდება. მადლობა ქალაქ ქუთაისს და კერძოდ სტადიონის ადმინისტრაციას, რომელმაც არაჩვეულებრივი პირობები შექმნა თასის ფინალის ღირსეულად სამასპინძლოდ“, – ამბობს კობიაშვილი.