ლევან კალანდაძე - მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურმა მოდელმა იმიტომ გაამართლა, რომ მისი ზეგავლენის შეფასება ამ მოდელის დანერგვამდე ჩატარდა
ლევან კალანდაძე - მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურმა მოდელმა იმიტომ გაამართლა, რომ მისი ზეგავლენის შეფასება ამ მოდელის დანერგვამდე ჩატარდა

მოგების გადასახადის გადავადების რეფორმამ, ე.წ. ესტონურმა მოდელმა იმიტომ გაამართლა, რომ მისი ზეგავლენის შეფასება ამ მოდელის დანერგვამდე ჩატარდა და პრიორიტეტები წინასწარ ზუსტად განისაზღვრა, ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა ლევან კალანდაძემ გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემაში მოგების გადასახადის გადავადების ე.წ. ესტონური მოდელის შედეგები განიხლეს. აღნიშნული მოდელის დანერგვიდან ორი წელი გავიდა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გუშინ ამ რეფორმის ზეგავლენის შეფასების რეტროსპექტული კლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და კერძო სექტორში რეინევსტიციების მოცულობა თითქმის გაორმაგდა. კვლევის შედეგებზე „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა.

კოვზანაძესთან დისკუსიის დროს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატება მისი ზეგავლენის წინასწარ შეფასებამ განაპირობა, რასაც ბიზნესი და ბიზნესომბუდსმენის აპარატიც სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით მუდმივად ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

„ესტონური მოდელის“ რეფორმა, პრეცედენტის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია ის, რომ ამ შუალედურ კვლევაში რეფორმის დადებითი ტენდენციები და სწორი აქცენტები გამოვლინდა, ანუ ამ რეფორმის მიზნებთან შესაბამისობა ჩანს. მაგრამ მე მსურს ბიზნესის დამოკიდებულება აღვნიშნო. ბიზნესი ამ რეფორმას თავიდანვე ცალსახად ემხრობოდა და დღესაც პოზიტიურად უყურებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ორი წლის წინ კონცეპტუალურად სწორად დაინახეს პრობლემა და ამ პრობლემის იდენტიფიცირება და გათვლების გაკეთება კონკრეტულ კვლევას დაეფუძნა. ორი წლის წინ, ესტონური მოდელის ამოქმედებამდე ამ რეფორმის შესაძლო ზეგავლენის შეფასება ე.წ. რია გაკეთდა და ახლაც კეთდება.

ამ ეთერში ხშირად გვისაუბრია, რომ რიას კეთებით განებივრებულები არა ვართ. ბიზნესიც, ბიზნესომბუდსმენის აპარატიც ძალიან ხშირად ვითხოვთ ხოლმე მსგავს კვლევებს სხვადასხვა მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით. ამიტომ ძალიან კარგი პრეცედენტია, რომ საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტი წინასწარ მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით ახდენს პოლიტიკის ფორმირებას. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ირაკლის და პარლამენტის შესაბამის კომიტეტს. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის მიმართ ბიზნესის დადებითი განწყობაც იქიდან გამომდინარეობს, რომ პრიორიტეტები თავიდანვე სწორად დალაგდა. ორი წლის შემდეგ შუალედურის კვლევის ჩატარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პროცესის მიმდინარეობის პარალელურად რეფორმის ძლიერი მხარეები უნდა დავინახოთ, ხოლო თუ სუსტი მხარეები გამოჩნდა, ამის კორექტირების საშუალება უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

დატოვე კომენტარი