ლევან კალანდაძე - დღეს საზოგადოებას და ბიზნესს სჭირდება სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებები და არა საუბრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან
ლევან კალანდაძე - დღეს საზოგადოებას და ბიზნესს სჭირდება სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებები და არა საუბრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან

დღეს საზოგადოებას და ბიზნესს სჭირდება სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებები და არა საუბრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ დღეს გადაცემაში განაცხადა.

გადაცემაში ბიზნესგარემოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკითხი განიხილეს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პრემიერი ბიზნესს რაც შეიძლება ღია და გულისხმიერ დიალოგს ჰპირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. გასულ კვირაში კი, პრემიერმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ. პრემიერის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უკვე მიმდინარე კვირაში მიიღებს.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე მიიჩნევს, რომ მიმდინარე ეტაპზე ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემაზე მეტად მთავრობის მიერ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საკითხი დგას.

„ბუნებრივია, სასაუბრო დაგროვდა, მაგრამ ეს შეხვედრა უნდა იყოს არა საუბარი, არამედ კონკრეტული პასუხები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. დღეს, პრინციპში, მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემა, როგორც შეხვედრის, დალაპარაკების, ამბის მიტანის, პრობლემის მიტანისა და გაზიარების პრობლემა არ არსებობს. მე ასე აღვიქვი პრემიერის დავალება, რომ ბიზნესთან შეხვედრაზე იყოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემებს შეამსუბუქებს და თავად ბიზნესს გააძლიერებს“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისი აზრით, ბიზნესთან დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერმა ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

„დღევანდელი შეხვედრაზე იყო ძალიან კარგი გზავნილები, რაც პრემიერისაგან მოვისმინე, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე გადაწყვეტილებები მიღებული აღარ იქნება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს იქნება წესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, იმედის მომცემიც, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, ბიზნესისადმი სწორედ ამ პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ვფიქრობ, პრემიერის დღევანდელი პოლიტიკური განცხადებები ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აღმასრულებელ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან ბიზნესის შემდგომი შეხვედრებიც, ეს იქნება ეკონომიკის, ფინანსთა თუ სოფლის მეურნეობის მინისტრი, სწორედ ამ პარტნიორობის პრინციპით უნდა ჩატარდეს, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. თუ ხელისუფლება ბიზნესს რაღაცაზე უარს ეუბნება, ესეც პასუხია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დროულად იქნება გაცემული. ჩვენს საზოგადოებას და ბიზნესს დღეს სჭირდება უკვე გადაწყვეტილებები და არა საუბრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ უნდა შევცვალოთ ფორმატი და ვილაპარაკოთ არა ხელისუფლებასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე, არამედ სწრაფ, დროულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებზე. ასევე, ამ თუ იმ თემებთან დაკავშირებით, როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესის მხრიდან პასუხიმგებლობის აღებაზე“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ „ბიზნესპარტნიორში“.