ლევან იოსელიანი - ურთიერთდავის და ურთიერთზიზღის გამო არის დღეს საქართველო გაჭედილი, ორმა მთავარმა პარტიამ უნდა გაიაზროს, რომ სახელმწიფო ზარალდება
ლევან იოსელიანი - ურთიერთდავის და ურთიერთზიზღის გამო არის დღეს საქართველო გაჭედილი, ორმა მთავარმა პარტიამ უნდა გაიაზროს, რომ სახელმწიფო ზარალდება

მე არ მესმის იმ პოლიტიკური პარტიების, რომლებიც უარს ამბობენ მონაწილეობაზე მაშინ, როდესაც წინასწარ არავინ არ ვიცით, სანამდე მიგვიყვანს ეს თანამშრომლობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ მართლა აზრი არ ჰქონია არაფერს და ყოველთვის შეგიძლია, დატოვო მაგიდა, მაგრამ როდესაც წინასწარ აცხადებ, რომ მონაწილეობას არაფერში არ მიიღებ, სულ მცირე, ევროკავშირის იმ მოთხოვნას ეწინააღმდეგები, რომელიც 12-პუნქციან გეგმაშია ასახული“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამ განცხადებით ლევან იოსელიანმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რამდენად რეალისტურია იმ გეგმის შესრულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესასრულებლად წარადგინა და აპირებს თუ არა პარტია „მოქალაქეები“, მიიღოს ხელისუფლების შეთავაზება.

მისი თქმით, საუბარს ალტერნატივა არ აქვს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრი ყოველთვის იქ იქნება, სადაც არის, როცა ერთი მხარე მეორეს არ ელაპარაკება და ამით საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ზიანდება.

„ამ ურთიერთდავის და ურთიერთზიზღის გამო არის დღეს საქართველო, სადაც არის და როგორც არის გაჭედილი, საბოლოო ჯამში. ორმა მთავარმა პარტიამ უნდა გაიაზროს ის, რომ მათი ასეთი ქმედებების გამო სახელმწიფო ზარალდება. ვნახოთ, რას გააკეთებენ. ზოგადად, არ მაქვს დიდი წარმოდგენა, რომ ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე არ დავაკლებ მცდელობას, რომ ამ პროცესში პოზიტიური როლი შევასრულო და ამ პროცესში გავაკეთო ის, რაც 12-პუნქტიან გეგმაშია მოთხოვნილი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია პარტია „მოქალაქეების“ პოზიცია 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ პარტია ესწრებოდა პრეზიდენტის მოწოდებით გამართულ აქციას და ასევე ესწრებოდა 20 ივნისის აქციას, რადგან ეს არ იყო პოლიტიკური ნიშნით დაღდასმული აქციები, მაგრამ 3 ივლისის აქციის ორგანიზატორთა რიტორიკამ საზოგადოებას დაანახა, რომ ისინი აცდნენ იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებითაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

„ეს ყველაფერი ვიწრო პარტიულ ინტერესში გადაითარგმნა და ამიტომ, ჩვენ ამის მონაწილე არ და ვერ ვიქნებით“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, 3 ივლისის აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნები თანხვედრაში არ არის იმ შინაარსთან, რაც ბრიუსელიდან იქნა გამოგზავნილი.

„იმ 12 პუნქტში არ წერია, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს, ხელისუფლება უნდა გადადგეს და ა.შ. საბოლოო ჯამში, იცით, რა ხდება – ჩემი აზრით, ხდება ამ პოზიტიური და სწორი ენერგიის აბსოლუტურად გაფანტვა და მათი მხრიდან რაღაც პოლიტიკური ინფანტილიზმია გამოვლენილი, როდესაც ჰგონიათ, რომ რაკი ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ის ხალხი აუცილებლად მათ პოლიტიკურ იდეებს დაუჭერს მხარს. ეს ასე არ იქნება. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, პოლიტიკური პარტიები შეძლებდნენ ამ ადამიანების ისედაც, დამოუკიდებლად გამოყვანას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი