ლევან დავითაშვილი - „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაფართოება ხელს შეუწყობს კომპანიას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაში
ლევან დავითაშვილი - „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაფართოება ხელს შეუწყობს კომპანიას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაში

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტრით გაფართოვდება. შესაბამის შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „ჰუალინგს“ შორის მოეწერა ხელი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, როგორც შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „ჰუალინგის“ ქუთაისის ინდუსტრიული ზონის გაფართოება საშუალებას მისცემს კომპანიას განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და დაასაქმოს ასობით მოქალაქე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმება. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ რამდენიმე მილიონიანი დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს სწორედ ამ შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ასობით ადამიანი დაასაქმოს უახლოეს წლებში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაფართოების შედეგად დამატებით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს მოკლე დროში შეძლონ სხვადასხვა საწარმო-გადამამუშავებელი პროექტების თუ სასაწყობე მეურნეობის შექმნა ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე. ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის პირველი ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

დატოვე კომენტარი