ლევან დავითაშვილი - დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს პასუხები, მაგრამ ინფორმაცია პანკისის მოსახლეობამდე სწორად არ არის მიტანილი
ლევან დავითაშვილი - დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს პასუხები, მაგრამ ინფორმაცია პანკისის მოსახლეობამდე სწორად არ არის მიტანილი

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი მომხრე, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„რეალურად, ასე არ არის, რომ თითქოს, ცალსახა პოზიცია ასეთი იყო – მოსახლეობას არ უნდოდა და ვიღაცამ გადაწყვიტა, ჩვენ არ გვაინტერესებს, თქვენ რა გინდათ ან არ გინდათ, ეს საქმე უნდა გავაკეთოთო. მოსახლეობასთან იყო ფართო შეხვედრები და ჩვენთან შეხვედრების დროს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს დადებითი და მხარდამჭერი დამოკიდებულება ჰქონდა. ასე რომ, პოზიცია ასეთი ცალსახა არ არის. არიან მომხრეები და არიან მოწინააღმდეგეები. სამწუხაროდ, არის არასწორად ინფორმირებული მოსახლეობა. დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს პასუხები, მაგრამ ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე სწორად არ არის მიტანილი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სარგებელს ნახავს ხეობა იმით, რომ ჰესი კონკრეტულად იმ ადგილას აშენდება, სადაც უნდა აშენდეს, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ინვესტორის მხრიდან მოსახლეობისთვის შეთავაზება იყო – ასი დასაქმებული ადამიანი, სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 120 000 ლარს გულისხმობდა და ეს კონკრეტულად იმ სოფლის მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა, სადაც ჰესი შენდებოდა.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, იყო თუ არა კომუნიკაციის ნაკლებობა მოსახლეობასთან, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ როცა მოსახლეობის მხრიდან კითხვები არსებობს, მოქალაქეებს უფლება აქვთ, ამაზე ინფორმაცია მიიღონ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, კომუნიკაციის ნაკლებობა არ ყოფილა, რადგან სამინისტროს ექსპერტები ყველა საჯარო შეხვედრაში მონაწილეობდნენ, თვითონ ინვესტორი კი ყველა ოჯახში იყო ნამყოფი.

„ამიტომ, კომუნიკაციის ნაკლებობას ვერანაირად ვერ მივიღებ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სამინისტროს ნაწილიდან პასუხისმგებლობა. საკმარისი ჩართულობა იყო ყველა სხვა უწყების მხრიდან. თუმცა, კომუნიკაცია, დიალოგი, ნებისმიერ დროს, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და ამისთვის მზად ვართ. მათ შორის – სხვა თემებთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ასობით ჰესის აშენება გარემოსთან გარკვეულ კომპრომისს და შეიცავს თუ არა ეს გარკვეულ რისკებს მოსახლეობისთვის, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა გარემოზე ზემოქმედებას გულისხმობს, მაგრამ აქ მასშტაბებზეა საუბარი და გარემოზე ზემოქმედების სწორი შეფასების გარეშე არც ერთი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება და არც მოხდება.

„ჩვენ ვართ სამინისტრო, რომელმაც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას სამ პროექტზე უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ. მათ შორის, ორი ჰიდროელექტროსადგურებს ეხებოდა ორ ხეობაში, ერთი გუდამაყარში და მეორე ახალდაბაში. ვფიქრობ, ეს არის დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს. ბევრი წლის განმავლობაში, სამინისტროს გაერთიანებამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა და ასეთი პრინციპული გადაწყვეტილებები, რაც ბოლო პერიოდშია მიღებული, არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჰიდრო ელექტროენერგია ბუნებრივია, საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება და სწორი დაგეგმვის პირობებში ენერგიის ეს ერთ-ერთი ალტერნატიული წყარო გვექნება, მაგრამ ეკონომიკის თუ ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან არასოდეს თქმულა, რომ ეს ერთადერთი მიმართულება უნდა იყოს.

„ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის, მაგრამ სხვა ალტერნატიული, ახალი ენერგო მიმართულებები, ქარის, მზის და ა.შ, ასევე განიხილება და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს იმ ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიისა, რომელიც ქვეყანას გააჩნია. არ წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე მიმართულება ბუნებაზე არ მოქმედებს და არ ახდენს გავლენას მათ შორის, ბიო მრავალფეროვნებაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, იყოს გარემოზე ზემოქმედების დეტალური, სწორი შეფასება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.