ლევან ჩიკვაიძე - აუდიტის დასკვნაზე შედგენილია გრაფიკი, გათვალისწინებულია რეკომენდაციები და წარდგენილია აღნიშნულ სამსახურში
ლევან ჩიკვაიძე - აუდიტის დასკვნაზე შედგენილია გრაფიკი, გათვალისწინებულია რეკომენდაციები და წარდგენილია აღნიშნულ სამსახურში

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. პირველ არხთან მან ისაუბრა დასკვნის იმ ნაწილზე, რომელშიც საუბარია, რომ „საქართველოს ფოსტაში“ 2017 წელს 1 545 თანამშრომელზე 6.6 მილიონი ლარის დანამატები გაიცა და არსებული პრაქტიკა წარმოშობს შრომის ანაზღაურების არასამართლიანად განაწილებისა და ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკს.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ კომპანიაში მუშაობს 2 800-ზე მეტი ადამიანი და საშუალოს თუ გამოიყვანთ, ეს არ აღემატება სამას ლარს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ „საქართველის ფოსტა“ გახლავთ კერძო სამართლის იურიდიული პირი და მას აქვს უფლება, გასცეს დანამატები ზეგანაკვეთური შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, რაც ბუნებრივია საფოსტო დარგისთვის. დასკვნაში შეგიძლიათ ნახოთ, რომ 1 600 ადამიანზე მეტზეა დანამატები გაცემული და მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დანამატის გაცემის საშუალება ჰქონდეს კომპანიას, რასაც ნამდვილად იმსახურებენ ამ კომპანიის თანამშრომლები“, – განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევაზე მიუთითებს. უწყება განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, წარმომადგენელს არ შეუძლია, წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება. „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ შეთანხმებები გააფორმა, ხელშეკრულებებს, როგორც ფოსტის, ისე „ლატარიის კომპანიის“ მხრიდან ხელს აწერს ერთი და იგივე პირი, რომელიც ერთდროულად არის ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი.

„ლატარიის კომპანიასა“ და „საქართველოს ფოსტას“ შორის დადებული შეთანხმება სასამართლო შეთანხმებაზეა დაფუძნებული. შესაბამისი სასამართლო განჩინება არსებობს და აქედან გამომდინარე, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ კანონდარღვევას არ შეიძლება, ადგილი ჰქონდეს. შესაბამისად, შეთანხმება ორივე კომპანიისთვის სასარგებლო გარემოებებს ითვალისწინებდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შეთანხმების ობიექტი, ამ შემთხვევაში, თანხაც და უძრავი ქონებაც მოქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში, მაშინ კანონდარღვევაზე საუბარი უნდა გამოვრიცხოთ. აუდიტის დასკვნაში თქვენ ვერ ნახავთ, ტერმინ „კანონდარღვევას“.

კანონი უშვებს, რომ ერთი და იგივე პირი იყოს სხვადასხვა კომპანიის ხელმომწერი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარიგებასთან დაკავშირებული მოქმედება განხორციელებული იყო ჩემს დირექტორობამდე, მაშინ ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

ამასთან, ჩიკვაიძემ ისაუბრა საკითხზე, თუ რამდენად გათვალისწინებულია აუდიტის სამსახურის სხვა შენიშვნები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წელს ფოსტის პრივატიზაცია იგეგმება.

„დასკვნასთან დაკავშირებით შედგენილია გრაფიკი, გათვალისწინებულია მათი რეკომენდაციები და წარდგენილია აუდიტის სამსახურში. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო აუდიტის დასკვნაა, როგორც კომპანიისთვის, ასევე მთლიანად, ქვეყნისთვის, რადგან მთლიანად ეროვნული ოპერატორის საქმიანობა წარმოჩენილია, როგორც დადებითი და ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო დასკვნაა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო ამ კომპანიისთვის“, – აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.