ლევან ბეჟაშვილი - ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მთავარი მოტივია, საკუთარი თავგანწირვა აჩვენოს
ლევან ბეჟაშვილი - ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მთავარი მოტივია, საკუთარი თავგანწირვა აჩვენოს

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მთავარი მოტივია, საკუთარი თავგანწირვა აჩვენოს.

„ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებამდე, რიგგარეშე სხდომის ფარგლებში, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ცალსახა იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დაჩქარებული წესით შეუწყვიტოს მანდატი. აქ პოლიტიკური მდგენელი გამოვლინდება. პარლამენტის სხდომები არჩევნებამდე არ ტარდება და ამ საკითხის განხილვა არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს.

ნიკა მელიას გადაწყვეტილების მთავარი მოტივი, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ – შესული ვართ გადამწყვეტ ბრძოლაში, სადაც ნიკა მელია საკუთარ თავგანწირვას აჩვენებს და სურს, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ უნდა გახდეს დედაქალაქის მერი, რადგან ამ არჩევნებს არ ვუყურებთ, როგორც თვითმმართველობის არჩევნებს, ეს არის რეფერენდუმი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ნიკა მელიას განცხადების საფუძველზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.