ლეონიდ სლუცკი - ხვიჩას სწყინდა, რომ წერდნენ, თითქოს ევროპაში ფულის გამო ვერ გადავიდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ქართველ ლეგიონერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ნეგატიურად მოქმედებს არა რუსულ მედიაში მის მიმართ კრიტიკა, არამედ, უფრო ქართული მედიის გამოხმაურებები.
„უნდა გითხრათ, რომ ხვიჩა ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქვამს ქართული მედიის და საზოგადოების კრიტიკას, რადგან ძალიან მიბმულია, დაკავშირებულია თავის სამშობლოსთან. ამაყობს, რომ საქართველოს ნაკრების ნაწილია და უნდა, რომ სარგებლობა მოუტანოს. ჩვენ რუსული მედიის გავლენისგან ვიცავთ, მაგრამ ქართულისგან – ვერა. ხვიჩას სწყინდა, რომ წერდნენ, თითქოს ევროპაში ფულის გამო ვერ გადავიდა“, – განაცხადა სლუცკიმ „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მან კვარაცხელიას გარემოცვაზეც ილაპარაკა:
„უპირველესად, იმ ადამიანებს მოვუწოდებ, ვინც მის გარემოცვაშია. ასევე მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივრებს – ზეწოლის წნეხი შეამცირონ, რადგან ახალგაზრდაა და ხელი არ შეუშალონ. მე ყველაზე ბედნიერი ვიქნები, მას წამყვანი ევროპული კლუბის მაისურით თუ ვნახავ“.
„კვარაცხელიას თამაში ყველამ კარგად შეისწავლა და რაღაც ახალი უნდა მოიფიქროს, რომ დაიბრუნოს კარგი თამაში – არის თუ არა ასე?“ – სლუცკის კითხვის არსს დაეთანხმა:
„ნაწილობრივ ასეა. მაგრამ მეორე სეზონის სინდრომი აქვს, რომელიც რთულია, რადგან კარგად შეისწავლეს. ახლა სპეციალურ ტაქტიკას აწყობენ მის წინააღმდეგ და თამაში უნდა გადააკეთოს. ყველამ იცის, როგორ უნდა ითამაშოს რონალდუს და მესის წინაააღმდეგ, თუმცა რეალურად ვერაფერს ახერხებენ, რადგან მრავალფეროვანი ნიჭი აქვთ. ხვიჩას, რასაკვირველია, მეტ ყურადღებას მიაქცევენ და გამოსავალი უნდა იპოვოს“.