ლეონიდ სლუცკი - კვარაცხელია ბრილიანტია და მას მტვერი უნდა მოვაცალოთ #1TVSPORT
ლეონიდ სლუცკი - კვარაცხელია ბრილიანტია და მას მტვერი უნდა მოვაცალოთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ  ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესოდ ილაპარაკა:

 „მივესალმები ქართველ გულშემატკივრებს. კარგად მახსოვს თბილისის „დინამოს“ წარმატებები 1981 წლის 13 მაისს და 1978 წლის ჩემპიონობა. ჩემთვის სასიამოვნოა ლეგენდარულ ვლადიმერ გუცაევთან ურთიერთობა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, კარგად მესმის, რომ ყველა ქართველ გულშემატკივარს აწუხებს მისი მდგომარეობა, როგორც მე. ასევე აინტერესებთ, რა ხდება მის თავს. იმ აურზაურს, რაც ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ იყო, არ შეიძლება 20 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიაზე გავლენა არ მოეხდინა“, – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

ყაზანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩას გარემოცვაზეც ილაპარაკა:

„კლუბში არაერთხელ ითქვა, რომ „რუბინს“ მის ტრანსფერზე არანაირი შემოთავაზება არ მიუღია. იმაზე ლაპარაკი, რომ „რუბინი“ გადამეტებულ ფასს ასახელებდა, თითიდან გამოწოვილია. ჩენთან მოლაპარაკება არავის ჰქონია. ის აჟიოტაჟი, რაც მისი გარემოცვის და აგენტის მხრიდან შეიქმნა, გადაჭარბებული გახლდათ, ვიდრე რეალური მოთხოვნა“.

როგორ ფიქრობთ, ის მზადაა, ტოპ-ჩემპიონატში რომ ითამაშოს? – საინტერესო იყო სლუცკის პასუხი ამ კითხვაზე:

„როდესაც საუკეთესო თამაშებს ატარებდა, ნებისმიერ დონეზე შეეძლო გამოსვლა. მაგრამ როგორც ბოლო დროს გამოიყურება, „რუბინის“ სასტარტო შემადგენლობაშიც ვერ ითამაშებს. ადამიანები, ვინც გარშემო არიან, უნდა ფიქრობდნენ არა საკუთარ ამბიციებზე, არამედ, ძალიან ნიჭიერი ადამიანის მომავალზე, რომელიც ჯერ კიდევ არაა სტაბილური ფსიქიკის მქონე. გვესმის, არწასვლას რამხელა ტკივილის მიყენება შეეძლო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ბრილიანტს, რომელსაც მტვერი უნდა მოვაცილოთ და არავის უფლება არ უნდა მივცეთ, ჭუჭყში ამოსვაროს“.