„ლეიკერსმა“ „ნაგეთსი“ დაამარცხა - ლებრონის სამმაგი დუბლი და მე-10 სუპერფინალი [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მეხუთე შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „დენვერ ნაგეთსი“ დამაჯერებლად დაამარცხა (117:107) და ათწლიანი პაუზის შემდეგ გათამაშების სუპერფინალში გავიდა. 

ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც მეოთხე კალათბურთელი გახდება, ვისაც 10 სუპერფინალში მიუღია მონაწილეობა, შესანიშნავად ითამაშა და სამმაგი დუბლი მიითვალა – 38 ქულა, 16 მოხსნა და 10 გადაცემა.  ეს მისთვის კარიერის მანძილზე პლეი-ოფის ეტაპზე გაკეთებული 27-ე სამმაგი დუბლია, წლევანდელ პლეი-ოფში კი მეოთხე. ენტონის დევისის ანგარიშზე 27 ქულა იყო.

„ნაგეთსში“ 20-20 ქულა ჯერამი გრანტს და ნიკოლა იოკიჩს ჰქონდათ. ჯამალ მარიმ 19 ქულა და რვა შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საბოლოოდ, „ლეიკერსმა“ მეტოქე ხუთ მატჩში, ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში „ბოსტონ სელტიკსა“ და „მაიამი ჰითს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის ხუთი მატჩის შემდეგ „ჰითი“ მეტოქეს ანგარიშით 3:2 ამარცხებს.