შერმადინის 18 ქულა და ოქროს პასი - „ტენერიფემ“ ორ წამში მოიგო (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში საოცარი მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. მან „მურსია” მისსავე მოედანზე 84:82 დაამარცხა.

ორი ქულის სხვაობით ვის არ მოუგია, რა არის აქ საოცარი? – იკითხავთ. გიპასუხებთ – ეს იყო მატჩი, რომლის წაგებაც ნებისმიერი მურსიელისთვის წარმოუდგენელი იყო, ისინი ხომ საფინალო სირენამდე ათი წუთით ადრე 58:41-ს იგებდნენ. 17-ქულიანი სხვაობის გაბათილება კი ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენლისთვის იშვიათი შემთხვევაა. თუმცა ტენერიფელებმა რაც 30 წუთში დააკლეს, ბოლო პერიოდში აინაზღაურეს – ბოლო რაუნდი 43:24 მოიგეს და სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმეს.

შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე ტაბლოზე ანგარიში თანაბარი იყო (82:82). ბურთი საკუთარი ნახევრიდან შერმადინის თანაგუნდელებს უნდა შემოეტანათ. მწვრთნელმა ხესუს ვიდორეტამ სწორი კომბინაცია დაგეგმა – ბურთი შერმადინს უნდა მიეღო და წამიერად ესროლა. ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო, მაგრამ გიორგიმ ბურთის მიღების შემდეგ ფარქვეშ დარჩენილ საშუ სალინს სწრაფად გადააწოდა, ფინელმა სროლა მოასწრო და ბურთი საფინალო სირენასთან ერთად ჩაეშვა „მურსიას“ კალათში – 84:82.

შერმადინი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 21 წუთი, 18 ქულა (7/6 ორქულიანი, 8/6 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი. სალინმა მატჩი 20 ქულით დაასრულა, ხოლო მატჩის ბომბარდირი მურსიელი ფრანკამპი გახდა – 21 ქულა.

„ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. შერმადინის თანაგუნდელებს უახლოესი მატჩი 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ელით. მათი მეტოქე ასევე ესპანური „სარაგოსა“ იქნება. ესპანეთის ჩემპიონატში კი, 10 ოქტომბერს „ფუენლაბრადას“ ეთამაშება.

დატოვე კომენტარი