„ლეიკერსი“ და „ატლანტა“ NBA-ის პლეი ოფში ითამაშებენ #1TVSPORT
„ლეიკერსი“ და „ატლანტა“ NBA-ის პლეი ოფში ითამაშებენ #1TVSPORT

NBA-ში პლეი ოფის წინა, პლეი ინის გათამაშება დაიწყო, რომელშიც ჯამში რვა გუნდი მონაწილეობს. გამთენიისას ორი შეხვედრა გაიმართა და პლეიოფის მონაწილე კიდევ ორი გუნდი გაირკვა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთმანეთს მეშვიდე ადგილზე გასული „მაიამი ჰიტი“ და მერვეადგილოსანი „ატლანტა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი სრულად სტუმართა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „ატლანტამ“ მეტოქე ანგარიშით 116:105 დაამარცხა. „მაიამის“ მხრიდან საუკეთესო კაილ ლოური იყო, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯორჯიელებს ტრეი იანგმა ულიდერა, მან 25 ქულა დააგროვა.

პლეი ოფის პირველ წრეში „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გასულ „ბოსტონს“ დაუპირისპირდება, სერია 15 აპრილს დაიწყება. რაც შეეხება „მაიამის“, ფლორიდელებს პლეი ოფში გასვლის კიდევ ერთი შანსი ექნებათ, ისინი მეცხრეადგილოსან „ტორონტოსა“ და მეათეადგილოსან „ჩიკაგოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

დასავლეთ კონფერენციიდან პლეიოფში გავიდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“. კალიფორნიელებმა, რომლებმაც სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულეს, საკუთარ მოედანზე მერვე ადგილზე გასული „მინესოტა“ ანგარიშით 108:102 დაამარცხეს. შეხვედრის ძირითადი დრო 98:98 დასრულდა, თუმცა დამატებით დროში სწორედ „ლეიკერსმა“ იმძლავრა. მატჩის საუკეთესო ბომბარდირი 30 ქულით ლებრონ ჯეიმსი გახდა.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე „ლეიკერსის“ მეტოქე დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი „მემფის გრიზლსი“ იქნება. სერია 16 აპრილს დაიწყება. შანსი რჩება „მინესოტასაც“. მინეაპოლისის წარმომადგენლები პლეი ოფის ბოლო, მერვე ადგილისთვის „ნიუ ორლეანსა“ და „ოკლაჰომას“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.