ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ტოტალიტარულ საბჭოთა რეჟიმს გმობენ
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ტოტალიტარულ საბჭოთა რეჟიმს გმობენ

ბალტიის ქვეყნები ტოტალიტარულ საბჭოთა რეჟიმს გმობენ. ერთობლივ განცხადებას სამი ქვეყნის – ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტები აწერენ ხელს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დოკუმენტი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75-ე წლის იუბილეს უკავშირდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნაცისტური რეჟიმის დამხობამ არ მოუტანა თავისუფლება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს.

„ამის ნაცვლად, ერთი ტოტალური რეჟიმი მეორემ ჩაანაცვლა, რითაც ბალტიის ქვეყნები ცინიკურად იქნენ ჩართული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნები ოკუპირებული და ანექსირებული იყვნენ საბჭოთა კავშირის მიერ იმ შეთანხმების შედეგად, რომელიც „ორმა სასტიკმა დიქტატორმა – სტალინმა და ჰიტლერმა“ გააფორმეს.

„საბჭოთა კავშირი იყენებდა სამხედრო უპირატესობას, განურჩეველ რეპრესიებს, მასობრივ დეპორტაციასა და ტოტალურ იდეოლოგიურ კონტროლს ბალტიის ქვეყნების დაქვემდებარებისთვის“, – ნათქვამია ტექსტში.

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, არ შეიძლება წარსული ტრაგიკული გაკვეთილების დავიწყება.

„ისტორიული მოვლენების დამახინჯება, რამაც მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდგომ ევროპის დაყოფამდე მიგვიყვანა, ისტორიის გაყალბების სამწუხარო მცდელობაა და ეჭვქვეშ აყენებს თავად თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის საფუძველს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტები ეგილს ლევიტსი, გიტანას ნაუსედა და კერსტი კალიულაიდი აცხადებენ, რომ მტკიცედ გმობენ გავლენის სფეროთა იდეას.

„საერთაშორისო უსაფრთხოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს უცვლელი ერთგულება საერთაშორისო სამართლისა და აღიარებული ნორმების დაცვის მიმართ, ასევე უპირობო პატივისცემა ყველა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და მათი უფლებისა, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და გაწევრიანდნენ კავშირებსა და გაერთიანებებში“, – ნათქვამია განცხადებაში.