ლაშა ტალახაძემ გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიუძღვნა [ვიდეო]

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიუძღვნა.

როგორც ძალოსანმა ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დადებითი ემოციების მიუხედავად, გული მაინც სწყდება, რომ ტრავმის გამო, ევროპის ჩემპიონატზე რეკორდის დამყარება ვერ მოახერხა.

„რა თქმა უნდა, ემოცია მაინც დადებითია, ვინაიდან უკვე მესამედ მოვიპოვე ჩემპიონის ტიტული. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც გულდაწყვეტილი ვარ. რაც მინდოდა, ის ბოლომდე ვერ ვაჩვენე, რადგან ტრავმა მაქვს, მაგრამ ეს მალე გაივლის. სამომავლოდ, 2019 წელს ბათუმში ტარდება ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც უკვე შევეცდები, გამოვასწორო და უფრო მეტ შედეგს მივაღწიო. ასევე, მინდა ჩემი გამარჯვება მივულოცო ჩემს გულშემატკივრებს, სრულიად საქართველოს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ძალოსანთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემაც მიულოცა. შალვა გოგოლაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ნაკრები და თითოეული სპორტსმენი კვარცხლბეკიდან არც სხვა შეჯიბრებზე ჩამოვა და ქართველი სპორტსმენები თავიანთ შედეგებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ.

„ვულოცავ საქართველოს ამ დიდ წარმატებას. როგორც ყოველთვის, ქართველმა ძალოსნებმა გაგვახარეს. გვირგვინი იყო ლაშა ტალახაძის გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ლაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გაიმართება თურქმენეთში, თავისივე რეკორდს გააუმჯობესებს. მას ჰქონდა სურვილი, დაემყარებინა ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი, მაგრამ არ გამოვიდა. სპორტია და ყოველთვის ისე არ გამოვა, როგორც გვინდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა პირველი ადგილი და დარწმუნებული ვარ, კვარლცხბეკიდან არც ეროვნული ნაკრები და არც რომელიმე სპორტსმენი არ ჩამოვა“ , – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ქართველი ძალოსნების მიერ მიღწეული შედეგის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ.

„ვერ ვიტყვით, რომ უკმაყოფილო ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ მოვიპოვეთ ოთხი ოქროს მედალი ორჭიდის ჯამში და საერთო ჯამში, 15 მედალი, რაც ძალიან ბევრია. მინდა, ამ გამარჯვების ფონზე, საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყანაა და ეს ბიჭები შეეცადნენ, დაეცვათ თავისი ქვეყნის ღირსება და არ გამოვიდა ნამდვილად ცუდად“, – აღნიშნა გიორგი ასანიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვიდეომასალას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.