ლაშა ტალახაძე - დღეს სოხუმის დაცემის დღეა და წაგების უფლება არ მქონდა
ლაშა ტალახაძე - დღეს სოხუმის დაცემის დღეა და წაგების უფლება არ მქონდა

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა და წაგების უფლება არ მქონდა. ეს გამარჯვება სოხუმის გმირებს მივუძღვენი. მჯერა, რომ მათ მიერ დაღვრილი სისხლი ამაოდ არ ჩაივლის და გამთლიანებული იქნება ჩვენი საქართველო“, – ეს განცხადება მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის რეკორდსმენმა და დღევანდელი დღის გმირმა ლაშა ტალახაძემ პატაიაში მიღწეული წარმატების შემდეგ გააკეთა.

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში 208, 215 და 220 კგ. დაძლია და ამ შედეგით 2018 წელს მის მიერვე დაფიქსირებული მსოფლიო რეკორდი 218 კგ. გააუმჯობესა. ლაშა ტალახაძე აკვრაშიც 264 კგ-ით რეკორდსმენი და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ორჭიდის ჯამში კი მის მიერ დაძლეული წონა 484კგ-ია რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო შედეგია. ლაშა ტალახაძე პირველად მსოფლიო ჩემპიონი 2015 წელს გახდა, 2016 წელს მან რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლები ასევე 2017, 2018 და ახლა უკვე 2019 წლებში მოიპოვა.

ლაშა ტალახაძე ზედიზედ ოთხჯერ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ის ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს.