ლაშა ნოზაძე - „სტიაუასთან“ ბოლომდე ბრძოლასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ #1TVSPORT
ლაშა ნოზაძე - „სტიაუასთან“ ბოლომდე ბრძოლასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ #1TVSPORT

28 ივლისს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „საბურთალო“ ბუქარესტში „სტიაუას“ დაუპირისპირდება. თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ მატჩისწინა ვარჯიშამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ თბილისში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. სათამაშოა კიდევ 90 წუთი, მეტოქე კი სერიოზულია და მის შემადგენლობაში გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. საქართველოს დედაქალაქში შემტევი და ლამაზი სანახაობის მატჩი ვაჩვენეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

პირველი მატჩის შემდეგ „სტიაუაში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. განმეორებით მატჩში გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, ასევე არ იქნება კაპიტანი. ეს ფაქტორი უპირატესობას თუ გვაძლევს? არ მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მართალია, არ იქნება გუნდის კაპიტანი, თუმცა მეტოქე კლუბში სხვა ბევრი გამოცდილი და საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს. რაც შეეხება მწვრთნელის ცვლილებას – ეს ფაქტორი ხან დადებითად მოქმედებს, ხანაც საპირისპიროდ. ასე რომ დაველოდოთ მატჩს.

FCSB-ს ვეთამაშებით თუ „სტიაუას“? FCSB-ს, რადგან უეფა-ში კლუბი სწორედ ამ სახელითაა დარეგისტრირებული. დაგეთანხმებით, რომ კლუბმა თბილისში ვერ აჩვენა ის თამაში, რასაც ველოდით. მეტოქეს ბევრად მეტი შეუძლია, თუმცა ხდება, როდესაც გუნდს არაფერი გამოდის. ჩვენ თბილისში საინტერესო ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა მეტიც შეგვიძლია. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ხვალ მაქსიმალური მობილიზება და ყურადღებით თამაში გვმართებს. ამ წყვილში ფავორიტი მეტოქეა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენ ბოლომდე ბრძოლასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.