იქ მუშაობა შეუძლებელია და რატომ მიდიხარ - რუმინელმა ვეტერანმა „სტიაუას“ ახალ მწვრთნელს მიმართა #1TVSPORT
იქ მუშაობა შეუძლებელია და რატომ მიდიხარ - რუმინელმა ვეტერანმა „სტიაუას“ ახალ მწვრთნელს მიმართა #1TVSPORT

რუმინეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გაბი ბალინტი ამბობს, რომ არ ესმის ნიკოლაე დიკასი, რომელიც კონფერენს ლიგაზე „საბურთალოს“ მეტოქე ბუქარესტის „სტიაუას“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა.

დიკას წინამორბედი ანტონ პეტრეა პოსტიდან მას შემდეგ გადადგა, როდესაც ზედიზედ ორი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოსთან“ თბილისში 0:1 დამარცხდა, ხოლო ბუქარესტის დერბიში – „რაპიდთან“ 0:2.

დიკა რუმინეთის ვიცე-ჩემპიონს გაიყვანს მოედანზე ხუთშაბათს, 28 ივლისს „საბურთალოსთან“ განმეორებით მატჩში. ის კლუბს 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის დეკემბრამდე ავარჯიშებდა, მაგრამ „სტიაუას“ პრეზიდენტთან, ჯიჯი ბეკალისთან კონფლიქტის გამო გადადგა.

„სტიაუას“ პრეზიდენტი იმითაა ცნობილი, რომ მწვრთნელის საქმიანობაში მუდმივად და უხეშად ერევა – 2018 წელს დიკა ამის გამო წავიდა, რასაც წინ კონფლიქტი უძღვოდა. ახლაც კი, დიკა რომ დაბრუნდა, ბეკალიმ განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, მწვრთნელს „რჩევებს“ კიდევ მისცემს.

რუმინეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გაკვირვებულია, რადგან ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ დიკა ისევ „სტიაუაში“ დაბრუნდა და კომენტარის გაკეთებისას მას მიმართა.

„მე გავიგებდი ბეკალისთან თანამშრომლობას უფულობის გამო დიკას ნაცვლად სხვა მწვრთნელი რომ დათანხმებულიყო, რომელსაც საუკეთესო ფინანსური მდგომარეობა არ ჰქონდა და ხელფასზე წავა. მაგრამ დიკაზე იგივეს ვერ ვიტყვი და ამიტომაც მისი არ მესმის. ან მან იპოვა ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი და აუცილებლად შეცვლის ბეკალის ან ამ ნაბიჯს ვერაფრით ავხსნი. შენ იცი, რომ იქ მუშაობა შეუძლებელია და რატომ მიდიხარ?“, – ასეთი კითხვა დასვა გაბი ბალინტმადიჯი სპორტთან“ ინტერვიუში.

გავრილ პელე (გაბი) ბალინტი რუმინეთის ნაკრების წევრი იყო და მისი ფორმით 34 მატჩი ჩაატარა. თამაშობდა „სტიაუაში“, რომლის ფორმითაც 1986 წელს ჩემპიონთა თასის და უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო 1989 წელს ფინალში ითამაშა. ამჟამად მუშაობს რუმინეთის ტელევიზიაში საფეხბურთო კომენტატორად.