ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი ესწრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, რომელიც წელს მაროკოში იმართება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დღეს ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა EBRD-ის მმართველთა საბჭოს პლენარულ სესიაზე, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების მნიშვნელობას.

წელს ევრობანკის შეხვედრის თემაა – „გამოწვევებზე რეაგირება უაღრესად ცვალებად სამყაროში“. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პაკეტზე, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ ისეთ სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განვითარება, ლტოლვილთა მხარდაჭერა და სხვა.

„უკრაინაში ომით გამოწვეულ გამოწვევებზე რეაგირების კონტექსტში, მინდა გამოვყო რამდენიმე სფერო, სადაც EBRD-მა უნდა გააძლიეროს მხარდაჭერა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, პრიორიტეტი გახდა მთელ მსოფლიოში. საქართველოს აქვს მწვანე ენერგიის გენერირების პოტენციალი. ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს განახლებად ენერგიებში, ასევე, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პოტენციური პროექტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ ქსელთან დაკავშირებაში, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ქვეყნის ეკონომიკური ფუნდამენტის გასაძლიერებლად და შოკების მიმართ მდგრადობის გასაზრდელად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ კვლავ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და უფრო ძლიერი პოზიციით გამოვალთ კრიზისიდან“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და  ბიზნესფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდება ბანკის პირველ ვიცე პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს და ბანკის დელეგაციას. დაგეგმილია შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკთან.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს ესწრებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.