ლაშა დვალი - საქართველოს ნაკრები ახლა ნამდვილი გუნდია, დარწმუნებული ვარ, დიდ შედეგებს მივაღწევთ #1TVSPORT
ლაშა დვალი - საქართველოს ნაკრები ახლა ნამდვილი გუნდია, დარწმუნებული ვარ, დიდ შედეგებს მივაღწევთ #1TVSPORT

ლაშა დვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უნგრეთის ჩემპიონის, „ფერენცვაროშის“ მცველს დასასვენებლად დიდი დრო არ ექნება. სავარაუდოდ, ის 22 მაისს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება. ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ 25 წლის მცველმა უნგრულ გამოცემა nemzetisport-თან ილაპარაკა. 

„უკვე საქართველოში ვარ, კვირას ჩამოვედი. მთელი სეზონი არ ვყოფილვარ და მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ოჯახის წევრები უნგრეთში რამდენიმეჯერ ჩამოვიდნენ, სახლი მაინც მენატრება. მე თბილისში დავიბადე, აქ გავიზარდე, ყველაფერი აქაურობასთან მაკავშირებს. სახლში ყოფნა კარგია. შეხვდი მეგობრებს, გავისეირნეთ ქალაქში, ჩვენი საყვარელი ადგილები მოვინახულეთ. შვებულება რამდენიმე დღე მაქვს და ჩემს პარტნიორთან ერთად დუბაიში წავალ, მაგრამ დიდხანს ვეღარ დავრჩები, რადგან 22 მაისს საქართველოს ნაკრების შეკრებაა. ოთხი-ხუთი დღე დავისვენებ, არაფერს გავაკეთებ, მაგრამ ამის შემდეგ დავიწყებ მოძრაობას და სირბილს. მთელი დღე სანაპიროზე ვერ გავჩერდები. საქართველოს ნაკრებში შეკრებას კარგ მდგომარეობაში უნდა შევხვდე“, – ამბობს დვალი.

მან კომენტარი რუმინელებთან და ნიდერლანდელებთან მოახლოებულ სანაკრებო თამაშზეც გააკეთა: „არცერთი მატჩი გასეირნება არ იქნება. ორივე რთული შეხვედრა იქნება. ჩვენი კონკურენტები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ჩვენც ამასთან ახლოს ვიყავით, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თაობის მოთამაშეები ძალიან ნიჭიერები არიან, ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. ეროვნული ნაკრები ახლა ნამდვილი გუნდია, შეგვიძლია ვენდოთ ერთმანეთს მინდორზე და მის გარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დიდ შედეგებს მივაღწევთ“.

დვალმა „ფერენცვაროშის“ საჩემპიონო სეზონზეც ილაპარაკა: „ჩემპიონი მესამედ გავხდი, მაგრამ ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც პირველად. ყველაფრისთვის ბრძოლა მოგვიხდა, არცერთი ოქროს მედალი შემთხვევით არ მოგვიპოვებია. მთელი სეზონი რთულ მატჩებს ვატარებდით, ჩვენს წინააღმდეგ მეტოქეები განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდნენ, თუმცა წელს დიდი უპირატესობა მოვიგეთ. ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ადვილი არ იყო. ჩემთვის ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ტრავმების თავიდან აცილება მოვახერხე. გასულ სეზონში ამის გამო ძალიან გავწვალდი, ტრავმების პრობლემა შემექმნა, მაგრამ დასრულებულ სეზონში მხოლოდ ორიოდე მოკლე პაუზა მქონდა. ყველა მატჩი არ მითამაშია, რადგან ყვითელი ბარათები მიგროვდებოდა. დიდ კლუბში ეს სრულიად ნორმალურია – თითოეულ ადგილზე ორი ან სამი კონკურენტია და შეამდგენლობაში ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მეორეს მხრივ, სერგეი რებროვმა ასევე სცადა როტაცია, რომ არავინ დატვირთულიყო, რადგან ამან შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს“.

მისი თქმით, უნგრეთის ჩემპიონის ოქროს მედლებს საქართველოში ინახავს: „ისინი ჩემთან სახლში, საქართველოშია. უნგრეთში ჩემი ერთი ოთახი ყველაზე მეტად პატარა მუზეუმს წააგავს, მედლების გარდა, კედლები უამრავი ფოტოთი და მოგონებით არის გაფორმებული. საბედნიეროდ, ახლა რელიკვიები ჩემპიონთა ლიგიდანაც მაქვს“.