ლაშა ბერულავა - ხურვალეთში, პოლიციის საგუშაგოსთან ვათევთ ღამეს და დილით შევალთ ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტები გამოჩნდნენ
ლაშა ბერულავა - ხურვალეთში, პოლიციის საგუშაგოსთან ვათევთ ღამეს და დილით შევალთ ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტები გამოჩნდნენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ღამეს ხურვალეთთან გაათენებენ და დილას ჟურნალისტებთან ერთად შევლენ სოფლის ტერიტორიაზე.

„ხურვალეთში, პოლიციის საგუშაგოსთან ვათევთ ღამეს ჩვენი ჯგუფი და მოქალაქეები, რომლებიც თვითორგანიზებით ჩამოვიდნენ. აქ არიან ჟურნალისტებიც. დილით მედიასთან ერთად შევდივართ იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ რუსი ოკუპანტების ქვეითი პატრული გამოჩნდა (დიახ, გამოჩნდა)“, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ლაშა ბერულავა.

სოციალურ ქსელში დღეს ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

ამასთან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში აცხადებენ, რომ პროვოკაციების მოწყობა მიუღებელია და დღევანდელი მდგომარეობა ინტერნეტში ხელოვნურად გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ გამოიწვია.