ლა ლიგის პრეზიდენტი – ინფანტინო უნდა წავიდეს, ის ანგრევს საფეხბურთო ინდუსტრიას #1TVSPORT
ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარებისთვის გააკრიტიკა და დააშანაულა ის კომერციული ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებისთვის.
„ფიფა ყველაფრის ორგანიზებას ეწევა ისე, როგორც თავად მოესურვება, საკუთარი – და არა ფეხბურთის – ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ, თუ მათ სურთ 27-წუთიანი შესვენება, ისინი ამას აკეთებენ. წყლის პაუზა – ეს ფარსია. ლა ლიგაშიც არის წყლის პაუზები, ოღონდ როცა მართლაც ძალიან ცხელა. აქ კი, დალასის, ლოს ანჯელესისა და ატლანტას სტადიონებზე კონდიციონერები მუშაობდა და ტრიბუნებზე სვიტერის ჩაცმაც კი მომიწია. ეს იყო ფარსი, სარეკლამო პაუზა. შემდეგ იყო ბალოგუნის შემთხვევა.
ეროვნული ნაკრებების რიცხვის გაზრდას აზრი არ აქვს. საფეხბურთო ინდუსტრია არ შემოიფარგლება მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მაგრამ ყველაფერი მის გარშემო ვერ იტრიალებს. სწორედ ეროვნულ ჩემპიონატებზე დგას სპორტის ეს სახეობა. ფიფა არღვევს საფეხბურთო ინდუსტრიას, რომელიც ქმნის ათობით ათას სამუშაო ადგილს, და ეს იმ ტურნირის სანაცვლოდ, რომელიც 40 დღე გრძელდება და რომელშიც მოთამაშეთა უმცირესობა გამოდის.
ინფანტინო უნდა წავიდეს, მისი დრო გავიდა. მაგრამ მას მხარს უჭერს სისტემა, ფედერაციები. ოპოზიციის კანდიდატები არ არიან, არავის სურს კენჭი იყაროს, რადგან წაგებისთვის იქნება განწირული. ასეთია სისტემა და ის საფუძველშივეა გაფუჭებული. აშშ-ში ბევრისგან მოვისმინე ინფანტინოს საწინააღმდეგო სიტყვები, ისინი არ ეთანხმებიან იმას, რასაც ის აკეთებს. ისინი მიუთითებენ ამაზე, მაგრამ არაფერს მოიმოქმედებენ. არ ვიცი, რა უფრო უარესია – სიჩუმე თუ თანამონაწილეობა, რადგან მათ, რომლებიც სიჩუმეს ამჯობინებენ, შესანიშნავად ესმით, როგორ ზიანს აყენებენ ფეხბურთს“, – მოჰყავს ტებასის სიტყვები გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს.