კვირკველიას ყოფილი პარტნიორი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
კვირკველიას ყოფილი პარტნიორი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ვედრან ჩორლუკა კარიერას წელს დაასრულებს და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზლატკო დალიჩის ასისტენტად იმუშავებს, – ამის შესახებ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავორ შუკერმა განაცხადა. 

საბა კვირკველიას ყოფილი პარტნიორი მოსკოვის „ლოკომოტივში“ სეზონის ბოლომდე დარჩენილ ორ შეხვედრას ჩაატარებს და კარიერას 35 წლის ასაკში დაამთავრებს. შუკერის თქმით, ვეტერანი ფეხბურთელი ხორვატიის ნაკრებში ივიცა ოლიჩის ადგილს დაიკავებს, რომელიც მცირე ხნის წინ მოსკოვის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი გახდა.

ვედრან ჩორლუკას გამორჩეული კარიერა ჰქონდა ხორვატიის ნაკრებში. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვედრანი იქნება ზლატკო დალიჩის ასისტენტი მომავალი ევროპის ჩემპიონატზე. ეს მე და ზლატკომ ერთად გადავწყვიტეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩორლუკა გუნდში იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ვედრანის მსგავსი ადამიანები გუნდს აერთიანებენ. ამავე დროს, იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გახსნასა და თავის გამოჩენაში დაეხმარება“, – განაცხადა დავორ შუკერმა.

ვედრან ჩორლუკამ კარიერა ზაგრების „დინამოში“ დაიწყო. უთამაშია „მანჩესტერ სიტიში“, „ტოტენჰემში“, ლევერკუზენის „ბაიერში“, 2012 წელს კი მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. ხორვატი მცველი საბა კვირკველიასთან ერთად 2017–2019 წლებში თამაშობდა და მათი დუეტი რუსეთში საუკეთესო დაცვის ცენტრად მიაჩნდათ, მაგრამ ქართველ მცველს კარიერაში პრობლემები შეექმნა, 2020 წლიდან ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდა და დუეტი დაიშალა.

2018 წელს, რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვედრან ჩორლუკამ ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სულ ეროვნულ გუნდში 103 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.