კვირკველია ავტოგოლებით რუსეთის პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა #1TVSPORT
კვირკველია ავტოგოლებით რუსეთის პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა #1TVSPORT

ვოლგოგრადის „როტორის“ 29 წლის ქართველი მცველი, საბა კვირკველია (რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივიდან” იჯარით გადავიდა) საკუთარ კარში გატანილი გოლების რაოდენობით რუსეთის პრემიერ ლიგის რეკორდსმენი გახდა. 

ეს რუსეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში მოხდა. სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ საკუთარ მოედანზე ვოლგოგრადის „როტორი“ 6:0 დაამარცხა. ნევისპირელებმა ანგარიში 45+2-ე წუთზე სწორედ კვირკველიას ავტოგოლით გახსნეს, რომელსაც სებასტიან დრიუსის დარტყმის შემდეგ ბურთი აეჭრა.

ეს კვირკველიასთვის რუსეთის პრემიერლიგაში მეხუთე ავტოგოლი იყო და ამ მაჩვენებლით დენის კოლოდინს გაასწრო, რომელმაც 244 შეხვედრაში ოთხი ავტოგოლი გაიტანა. ქართველი მცველისთვის ეს იყო 184-ე მატჩი რუსეთის ჩემპიონატებში.

სამი ავტოგოლი ერთდროულად ოთხი ცნობილი მცველის ანგარიშზეა, მათ შორის არის ნალჩიკის „სპარტაკის“ და სამარას „კრილია სოვეტოვის“ ყოფილი მცველი ალეკო ამისულაშვილი.

რუსეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში წაგების შემდეგ ვოლგოგრადის „როტორი“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე დაქვეითდა და თუ დარჩენილ ტურებში მდგომარეობა არ გამოასწორა, პირველ ლიგაში პირდაპირი გზით გადაინაცვლებს. ბოლოდან მესამე ადგილი კი გუნდს პლეი ოფში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.