კვარაცხელიას „რუბინი“ სკანდალში გაეხვა - გრიგალავას „არსენალმა“ მსაჯობა გააპროტესტა #1TVSPORT
კვარაცხელიას „რუბინი“ სკანდალში გაეხვა - გრიგალავას „არსენალმა“ მსაჯობა გააპროტესტა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინი“ სკანდალში გაეხვა – რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 29-ე ტურში გუნდმა გასვლაზე ტულის „არსენალი“ 4:2 დაამარცხა, რამაც ტულელების პროტესტი გამოიწვია, რუსულ მედიაში კი მინიშნებებს აკეთებენ, რომ გუნდის ევროთასებზე გაყვანა სურთ.

„არსენალში“ თვლიან, რომ ყაზანელებს მოგებაში კირილ ლევნიკოვის სამსაჯო ბრიგადა დაეხმარა. საქმე ისაა, რომ „არსენალი“, სადაც გია გრიგალავა თამაშობს, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ამ წაგებამ კი გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო და თუ ბოლო ტურის მატჩი არასასურველი შედეგით დაასრულა, შესაძლოა, პირველ ლიგაში დაქვეითდეს.

„არსენალის“ ადმინისტრაციამ მომხდარის გამო საგანგებო განცხადება გაავრცელა და საექსპერტო-სამსაჯო კომისიას გაუგზავნა წერილი, სადაც საკამათო ეპიზოდების და მთავარი არბიტრის, კირილ ლევნიკოვის გადაწყვეტილებების შეფასება მოითხოვა.

ტულელები აცხადებენ, რომ პირველ ტაიმში, როდესაც „არსენალი“ 2:0 დაწინაურდა, ლევნიკოვმა ყაზანელთა კარში ორი პენალტი არ დანიშნა, ხოლო მეორე ტაიმში სტუმართა სასარგებლოდ საკამათო პენალტი დანიშნა, პლუს მასპინძლებს მოთამაშე გაუძევა.

მსაჯობაზე ტულას კლუბის პრეზიდენტმა, თბილისის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა გურამ აჯოევმა ირონიულად ისაუბრა.

„მსაჯს ეტყობოდა, რომ პირველივე წუთებიდან კონკრეტული დავალების შესრულება სურდა, რაც საბოლოოდ შეძლო – ყოჩაღ, დავალების შესრულება სცოდნია“.