კვარაცხელიამ არ ითამაშა - ქართველი რისკს აარიდეს #1TVSPORT
კვარაცხელიამ არ ითამაშა - ქართველი რისკს აარიდეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინმა“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და ევროსაგზურის მოპოვებას მიუახლოვდა – ეს რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრაში მოხდა, რომელიც ბევრ რამეს წყვეტდა. 

„რუბინი“ ტულაში „არსენალს“ ესტუმრა, სადაც ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა იყო. მოგება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა – მასპინძლებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ხოლო „რუბინს“ – ევროსაგზურის მოსაპოვებლლად.

კვარაცხელია „რუბინს“ „არსენალთან“ თამაშში ვერ დაეხმარა, მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ტრავმა მოირჩინა და გამოჯანმრთელდა, ხვიჩა ყაზანელთა განაცხადში არ იყო. როგორც ცნობილი გახდა, ხვიჩა რისკს აარიდეს.

მატჩი „არსენალის“ უპირატესობით დაიწყო და ტულელები დანილა ხლუსევიჩის (25-ე წუთი) და ლუკა ჯორჟევიჩის (32) გოლებით დაწინაურდნენ – 2:0. ყაზანელებმა ამის შემდეგ შეუძლებელი შეძლეს. 52-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე სერგეი ტკაჩოვმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს, მასპინძელთა კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯორჯ დესპოტოვიჩმა გოლად აქცია. მერე „რუბინმა“ მთელი ძალებით შეუტია და დენის მაკაროვის (59), კარლ სტარფელტის (66) და მიხეილ კოსტიუკოვის (89) გოლებით 2:4 მოიგო.

ამავე ტურში ჯიმი ტაბიძის „უფამ“ შინ უკვე ჩემპიონად აღზევებულ პეტერბურგის „ზენიტს“ ქულა წაართვა (0:0) და 22 ქულით მე-14 ადგილზე დაწინაურდა, რაც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ პლეი ოფში თამაშის გარანტიას მისცემს. „არსენალი“ 23 ქულით მე-13 ადგილზეა. ქართველების ვოლგოგრადის „როტორი“ (21) ბოლოდან მეორე ადგილზე დაქვეითდა, რაც გუნდს ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხეს წინაშე აყენებს. „რუბინი“ კი 52 ქულით მეოთხე ადგილზეა და თუ ბოლო ტურშიც მოიგებს, ევროსაგზურის მფლობელი გახდება.

დატოვე კომენტარი